Ferrari, მაღალი სიჩქარე, სიჩქარის გადაჭარბება, Enzo
Aa
Aa

Ferrari Enzo-ს დიზაინერი Enzo-ს მართვისას კინაღამ ციხეში ჩასვეს

კენ ოკუიამა თავის „ენცოს“ იაპონიაში სიჩქარის დაწესებულ ზღვარზე სწრაფად მართავდა.

Ferrari Enzo შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს (ასეთებიც არსებობენ), მაგრამ ამ ავტომობილმა გამოსვლისას უდიდესი ყურადღება მიიქცია. ეს იყო პირველი Ferrari ისტორიაში, რომლის დიზაინიც იტალიელ დიზაინერს არ შეუქმნია. ეს დიზაინერი კი ახლახან დიდ შარში გაეხვა. ის თავის ქვეყანაში, იაპონიაში, თავის Enzo-ს ზედმეტად სწრაფად მართავდა.

კენ ოკუიამამ ციხეს თავი ძლივს დააღწია. მან სიჩქარის დაწესებულ ზღვარს ერთ-ერთ მონაკვეთზე 88 კმ/სთ-ით გადააჭარბა. ის 40 კმ/სთ-იან ზონაში 128 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. როგორც ჩანს, გაუძლო Enzo-ს სწრაფად მართვის ცდუნებას - რთულია.


ინციდენტი დილის საათებში, იამაგატას მთებში მოხდა. წარმოიდგინეთ გყავთ ულამაზესი Enzo და კიდევ უფრო ლამაზ გზაზე გადაადგილდებით. ასეთ დროს ჭეშმარიტ ავტომოყვარულს უცებ ფეხის კუნთი შემთხვევით დაეჭიმება და მაინც და მაინც აქსელერატორის სატერფულზე მიეჭირება. ეს ყოველივე სრულიად შემთხვევით! კენ ოკუიამასაც ზუსტად ეს შეემთხვა!

თუმცა, უკეთესი ვერსიის მოფიქრებაც შეიძლება. სასამართლოზე იკუიამას ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მძღოლს 651-ცხენისძალიანი 6-ლიტრიანი V12-ის ძრავის გაგრილებისთვის სწრაფად გადაადგილება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი „ფერარის“ გაგრილების სისტემას სიღრმისეულად იცნობს, ეს ვერსია მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.

„სიჩქარე საკმაოდ მაღალი და ძალზედ სახიფათო იყო“ - განაცხადა მოსამართლე ისამუ იმაიმ და იკუიამას თავისუფლების 4 თვით აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, 63 წლის დიზაინერი ციხეს მაინც გადაურჩა. მან თავისი დანაშაული აღიარა და თუ ორი წლის განმავლობაში „ჭკვიანად“ ივლის, ციხეში ჩაჯდომა აღარ მოუწევს.

ოკუიამამ ჩადენილი დანაშაულისთვის საჯარო ბოდიშიც მოიხადა. მან დაიფიცა, რომ მანქანას სახალხო გზებზე აგრესიულად აღარასდროს მართავს.

მსგავსი სიახლეები