Aa Aa
23 აგვისტო 2023  |  10:53

ახალ Shelby Cobra-ს 1 000 ცხენის ძალა და კარბონის კორპუსი ექნება

კარბონის კორპუსის მქონე Cobra 1.2 მილიონი დოლარი ეღირება და მისი წარმოება 10 ერთეულამდე იქნება შეზღუდული.

Shelby Cobra-ს მოდელები დღეს იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა, ის, რასაც Monterey Car Week-ზე ვიხილავთ უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.

„კობრას“ 60-წლიანი იუბილეს აღსანიშნად კომპანიამ Diamond Edition Carbon Fiber Shelby Cobra-ს გამოშვება დააანონსა. მისი კორპუსი 40 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ეს გასაოცარი მონაცემია. მთლიანი მოდელის წონა კი 1 043 კილოგრამია. 



ეს ყველაფერი არ არის. Diamond Edition-ი 5-ლიტრიანი Gen3 Coyote Aluminator-ით არის აღჭურვილი, რომელიც Ford Racing-მა შექმნა. მოდელს Magnuson-ის კომპრესორი და MoTeC-ის ძრავის კომპიუტერი აქვს. შედეგად ეს V8 1 000 ცხენის ძალასა და 1 016 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ძალოვანი აგრეგატი 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. მოჭიდების პრობლემის გამო ავტომობილს 0-დან 100-მდე განსავითარებლად 3.9 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ია.



ავტომობილს სარბოლო დანიშნულების დაკიდების სისტემა აქვს. ასევე, ექსტრემალური მართვისთვისაა შექმნილი ყველა კომპონენტი. კარბონის „კობრა“ უზარმაზარ ნაწრთობ დისკებზე დგას, რომელიც BAER-ის სამუხრუჭე სისტემას მალავს.

მოდელის წარმოება 10 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული. თითოეულის ფასი 1.2 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება: