ლუის ჰამილტონის Pagani Zonda 760 LH ახალმა მფლობელმა დაამტვრია
Aa
Aa

ლუის ჰამილტონის Pagani Zonda 760 LH ახალმა მფლობელმა დაამტვრია

მძღოლი გვირაბში აჩქარდა და V12-ძრავიან სუპერქარზე კონტროლი დაკარგა.

ლუის ჰამილტონმა Pagani Zonda 760 LH 2014 წელს შეიძინა. 7-წლიანი მფლობელობის განმავლობაში სულ 1000 კილომეტრი დაფარა. ეს 760 წარმოებული მოდელიდან ერთადერთია, რომელსაც სახელში ფორმულა 1-ის პილოტის ინიციალები - LH აქვს. 2021 წელს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ეგზემპლარი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონისგან ერთმა ბრიტანელმა შეიძინა.

2015 წელს მონაკოში უმნიშვნელო ავარიის შემდეგ, 760 LH ამჯერად სერიოზულ ავარიაში მოყვა. სურათებში ვხედავთ, როგორ დევს დამტვრეული სუპერქარი ევაკუატორზე. რა თქმა უნდა, მისი შეკეთება მარტივი არ იქნება და საკმაოდ ძვირიც დაჯდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მძღოლი ამ შემთხვევას უვნებლად გადაურჩა.  Zonda დაზიანებული უკანა ღერძის, ჩამტვრეული საქარე მინისა და მაშუქების, გატეხილი პანელების შეკეთების შემდეგ გზაზე დაბრუნებას შეძლებს. როგორც ამბობენ, მძღოლმა გვირაბში აჩქარების ცდუნებას ვერ გაუძლო და 760-ცხენისძალიან ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.

2018 წელს Sunday Times-თან ინტერვიუში ჰამილტონმა თქვა, რომ 760 LH „საშინელი სამართავი“ იყო. თუმცა, ავტომობილის 7.3-ლიტრიანი ძრავის ხმა შეაქო: „ყველაზე კარგი ხმა აქვს იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც მყავდა“. მან მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუკვეთა, რადგან ავტომატური არ მოეწონა.

მსგავსი სიახლეები