Ford Mustang GTD-ის სურათებმა დებიუტამდე გაჟონა
Ford Mustang GTD შესაძლოა Multimatic-მა შექმნას... კომპანიამ, რომელიც GT-ის აწყობს.
რამდენიმე საათში, რაც Ford-მა შუაძრავიანი Mustang-ის დებიუტი Monterey Car Week-ზე დააანონსა, ამ ავტომობილის სურათები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. ამ სურათების ნახვის შემდეგ კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე ყველაზე გიჟურ მუსტანგთან გვაქვს.
ერთ-ერთ YouTube არხზე, სახელად StangMode, გავრცელდა ვიდეო, სადაც GTD-ის სახელით გამოშვებული „მუსტანგი“ საჩვენებელ „სტენდზე“ დგას. პირველი, რაც ერთი შეხედვით ჩანს ისაა, რომ მანქანა უკანაძრავიანს არ ჰგავს. ნაცვლად ამისა, Ford-მა, სავარაუდოდ, აგრეგატი წინა ღერძის უკან განათავსა. ტექნიკურად ეს შუაძრავიანს ნიშნავს, მაგრამ ძრავა მაინც მძღოლის წინაა. აქამდე კი ვფიქრობდით, რომ შუაძრავიან „მუსტანგში“ აგრეგატი მძღოლის უკან იქნებოდა. ზუსტად ისე, როგორც ახალი თაობის Corvette-შია.
ამაზე ფიქრს ისიც ამყარებდა, რომ მწარმოებელი ამ ვერსიისთვის Mustang-ის სტანდარტულ პლატფორმას არ გამოიყენებდა. თუმცა, ეს საკითხი ახლა აქტუალური აღარაა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ავტომობილი Multimatic-ის მიერ კანადაშია შექმნილი. ეს ის კომპანიაა, რომელიც Ford GT-ის „სუპერქარსა“ და Mustang-ის სარბოლო ვერსიებს აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ GTD სარბოლო სერიაზე მიუთითებს, Mustang-ის ეს ვერსია სამოქალაქო გზებზე გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი.
მეშვიდე თაობის Mustang-სა და Mustang GTD-ის შორის ვიზუალურად მაინც დიდი სხვაობაა. ავტომობილს წინ ახალი ცხაურა და უფრო აგრესიული შემშვები არხები ამშვენებს. ახალი დიზაინისაა კაპოტიც, რომელზეც უზარმაზარი საჰაეროებია ამოჭრილი. სრულად განსხვავებული დიზაინისაა წინა ფრთებიც. გინახავთ Mustang-ზე ოდესმე ასეთი აგრესიული დეტალი?
ყველაზე თვალშისაცემი სხვაობა უკანა მხარე გახლავთ. უკანა ფრთა საოცრად განიერია და დიდი ჰაერის შემკრები აქვს. საქარე მინიდან კი უზარმაზარი სპოილერი გამოდის, რაც აეროდინამიკასაც აუმჯობესებს და მანქანის ვიზუალს უფრო თვალშისაცემს ხდის. და ეს დიფუზორი? GTD-ის მოუთმენლად ველით!
თვალი ადევნეთ CrystalAuto-ს პორტალს, რათა ამ მოდელზე უახლოეს მომავალში უფრო მეტი გაიგოთ.