2000 წლის Chevy Camaro SS აუქციონზე გაიყიდება
მისი 5.7-ლიტრიანი V8 ძრავა 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
2000 წლის Chevrolet Camaro SS-ს, რომელსაც მხოლოდ 174 კილომეტრი აქვს გავლილი, აუქციონზე ხშირად ვერ შეხვდებით. ამ ავტომობილს Auto Auction Rebuilds-ი ერთ-ერთ ავტოფარეხში გადააწყდა.
აუქციონის აღწერის თანახმად, ავტომობილს მხოლოდ 174 კილომეტრი აქვს გავლილი და შესანიშნავ მდგომარეობაშია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა ლაქას. სალონს კი მოხმარების კვალი საერთოდ არ ეტყობა.
ძრავა დაუჯერებლად სუფთაა. არც ერთ დეტალს ჭუჭყი არ ეტყობა. 2000 წლის Camaro-ს Corvette-ს LS1 ძრავა აქვს, რომელიც, SS მოდელის შემთხვევაში, 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მდე 5.6 წამში აღწევს. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკური.
დამატებითი ცხენის ძალების გარდა, SS-ს უფრო ხისტი დაკიდების სისტემა და დამახასიათებელი უკანა ფრთა აქვს.
რენდი, რომელმაც ეს ავტომობილი იპოვა, ფიქრობს, რომ ავტომობილი $20,000-ზე მეტად გაიყიდება. ამჟამად Bring a Trailer აუქციონზე Camaro SS კუპეები მექანიკური გადაცემათა კოლოფებით $20,000 - $22,000 იყიდება. თუმცა, გასულ წელს მოდელი, რომელსაც 4828 ჰქონდა გავლილი, $31,000-ად გაიყიდა.