GTA რეალურ ცხოვრებაში - ქურდი მოპარული Rolls-Royce-ით გაქცევას ცდილობს
მოპარული Phantom-ის მძღოლი პოლიციის ვერტმფრენისგან თავის დასაღწევად პარკინგის შენობაში შევიდა და მისი დაჭერა ვეღარ შეძლეს.
GTA, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშია. ვისაც ეს თამაში აქვს ნათამაშები, გამორჩეული ავტომობილი ვირტუალურად აუცილებლად ექნება მოპარული და პოლიციისგან თავის დაღწევასაც შეეცდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცამ კალიფორნიაში ეს თამაში სინამდვილედ აქცია. თანაც ისე, რომ პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი არ იცის.
ირონიული ისიცაა, რომ Rockstar-ის სტილის დევნა ლოს ანჯელესში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ GTA V-ის გამოგონილ ქალაქს ლოს სანტოსი ჰქვია. ის ლოს ანჯელესს არის მიმსგავსებული.
მოპარული ავტომობილის შესახებ მფლობელმა კალიფორნიის საპატრულო პოლიციას ავტომობილის დისტანციურად კონტროლირებადი მოწყობილობის გააქტიურების შემდეგ შეატყობინა.
დევნა მაღალსიჩქარიანი იყო. უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო მანქანების დადევნებისგან პოლიციამ თავი შეიკავა. ამ შემთხვევის შედეგად ხალხის დაზიანება ან დაზარალება იქნა თავიდან აცილებული. ნაცვლად ამისა, ქურდს ვერტმფრენი მიჰყვებოდა.
ქურდი მანქანას საკმაოდ კარგად მართავდა. ის ვიწრო გზებზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. „ფანტომით“ ასე მოძრაობა კი მარტივი ნამდვილად არაა.
მალე ქურდმა ნამდვილი ვირტუოზული ილეთი შეასრულა. ის გაუჩინარდა. პარკინგის შენობაში შესვლის შემდეგ ვერტმფრენმა ის დაკარგა. ადგილობრივი პოლიციელები მას ზედმეტად ჩამორჩნენ. ეს მომენტი კი ქურდმა კარგად გამოიყენა. საქმე იმაშია, რომ პოლიციამ არათუ ქურდი, არამედ Rolls-იც ვერ იპოვა. მოხსენებების მიხედვით, 5.8-ლიტრიანი ლიმუზინი იმ ადგილას არ იმყოფებოდა.
როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა ქურდმა ასეთი რამის გაკეთება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.