BMW-ს უახლესი კონცეპტუალური მოდელი - მინიმალიზმი ბატონობს!
მონოლითური დიზაინი ეფექტურობას და სვლის მარაგს გააუმჯობესებს.
BMW i Vision Dee არის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორი იქნება მწარმოებლის სამომავლო ელექტრომობილების დიზაინი. „ახალი“ ინტერპრეტაციის მქონე ავტომობილის დებიუტი 2023 წლის მიუნხენის IAA Mobility-ის ჩვენებაზე გაიმართება.
BMW Vision Neue Klasse-ს კონცეპტუალურ მოდელს ზუსტად იგივე ფორმა აქვს, რაც i Vision Dee-ს ჰქონდა. თუმცა, ახლა ის უფრო ნამდვილი და „მიწაზე დაშვებულია“. წინ, დახრილი „ზვიგენის ცხვირიდან“, ორი ჰორიზონტალური განათებული ცხაურა და ორი წყვილი LED მაშუქები იმზირება.
ქვემოთ არსებული ტუჩი Neue Klasse-ს სპორტულ ესთეტიკურობას ანიჭებს და i Vision Dee-სგან უფრო მეტად გამოარჩევს. სხვათა შორის, ეს დისკები 21-იანია და წინა ვერსიასთან შედარებით უფრო დახვეწილია. წაგრძელებული უკანა მაშუქები ცხაურისა და წინა მაშუქების გაერთიანებულ ფორმას იმეორებს. მათ შორის კი განსხვავებული დიზაინით წარმოდგენილ BMW-ს ლოგოს ვხედავთ. აღსანიშნია, რომ მეტალისგან დამზადებული ემბლემა კორპუსს საერთოდ არ აქვს.
BMW აცხადებს, რომ ამ ავტომობილის დიზაინი, კომპანიის სხვა ელექტრომობილებთან შედარებით, 30%-ით გაზრდილ სვლის მარაგსა და 25%-ით გაუმჯობესებულ ეკონომიურობას გვაძლევს. BMW-ს მეექვსე თაობის eDrive ტექნოლოგია Neue Klasse-ს კონცეპტუალურ მოდელში ბატარეების გაზრდილი მოცულობით არის წარმოდგენილი. ასევე, მათი დამუხტვისთვის საჭირო დრო 30%-ით არის შემცირებული.
სვლის მარაგთან დაკავშირებული მონაცემი არ არის გასაჯაროებული. თუმცა, BMW-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი ახალი EV-ები სრული დამუხტვით 1 000 კილომეტრს დაფარავს.
სიახლეებია სალონშიც. მწარმოებლის უახლესი iDrive მულტიმედიის სისტემა პანორამული დიზაინისაა. ყველაზე საინტერესოდ მთავარი ეკრანი გამოიყურება. ალბათ, იცით, რომ BMW-ს ხელისმომწერი დიზაინი მძღოლის მხარეს შეტრიალებული კოკპიტია. ამ ნიშის შესანარჩუნებლად Neue Klasse-ს კონცეპტუალურ ავტომობილში მთავარი მონიტორი მძღოლის მხარეს არის დახრილი. საკმაოდ ჭკვიანური მოფიქრებაა, არა?
Neue Klasse-ში Panoramic Vision-ის დებიუტი შედგება. ეს უზარმაზარი „ჰედ-აფ“ მონიტორია.
საერთო ჯამში, i Vision-ის ინტერიერი მინიმალისტურია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ელექტრომობილებში ეს სტილი დომინირებს. არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მარტივი და მინიმალური! თუმცა ამას ვერ ვიტყვით საჭეზე, რომელიც უცნაური ფორმისაა და კომპლექსური დიზაინი აქვს. საინტერესოა ისიც, რომ სალონში ვერ ნახავთ ტყავს. ყველაფერი გადამუშავებადი მასალით არის დამზადებული.
Neue Klasse-ს წარმოება 2025 წელს არის ჩანიშნული. სავარაუდოდ, ამ ავტომობილებს გზებზე 2026 წლიდან ვიხილავთ.
მოგწონთ BMW-ს მომავლის ხედვა? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.