თენგო გოგილაშვილის კიდევ ერთი წარმატება საქართველოს ჩემპიონატში
თენგო გოგილაშვილმა თავის კლასში გამარჯვება არავის დაუთმო.
10 ოქტომბერს აღმართის დაძლევის მესამე ეტაპი ჩატარდა. საქართველოს ჩემპიონატის ამ საფეხურის ფარგლებში მრბოლელებმა წყლულეთის ურთულეს გზაზე იასპარეზეს. აღმართის დაძლევაში მონაწილეები სამ კლასში არიან განაწილებულნი - 1. 1.9-მდე კლასი; 2. 1.9-დან 3.0-მდე; 3. აბსოლუტი.
CrystalBet-ის სახელით მოასპარეზე თენგო გოგილაშვილი 1.9-დან 3.0-მდე კატეგორიაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე კი მან გამარჯვება არავის დაუთმო. ის ამ კლასში ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო წინ კიდევ ერთი ეტაპია დარჩენილი.
წყლულეთის ეტაპს თენგო გოგილაშვილი ასე აფასებს:
„საქართველოს ჩემპიონატში წყლულეთის მონაკვეთი ახალია. აღმართის დაძლევა აქ პირველად ჩატარდა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ყველა მონაწილისთვის უცხო იყო. გზა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სხვა გზებთან შედარებით გაცილებით ვიწრო იყო და ძალიან ბევრ მოსახვევს შეხვდებოდით.
ზოგადი შეფასებით საკმაოდ რთული გზა იყო, როგორც დასამახსოვრებლად, ისე სარბოლო რეჟიმში სასიარულოდ. თუმცა, როგორც ყოველთვის, მეტი სირთულე ჩემთვის მეტი გამოწვევაა. ჩემთვის თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპი უიღბლობით დავიწყე. პირველ რბოლაზე ავტომობილის ძრავა დაზიანდა და რბოლას გამოვეთიშე. შესაბამისად, ყოველ მომდევნო ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ამ ინციდენტის შემდეგ გავაანალიზე, რომ ყოველი მომდევნო შეჯიბრი მაღალი შედეგით უნდა დამესრულებინა, რადგან უიღბლობის კომპენსირება შესაძლებელი გამხდარიყო.
მეორე ეტაპი დიდგორზე გაიმართა, სადაც ურთულეს პირობებში მოგვიწია რბოლა - ძალიან დიდი ნისლისა და წვიმის ქვეშ. თუმცა, მაინც მოვახერხე და კლასში პირველი ადგილი მოვიპოვე.
ამ ეტაპის შემდეგ რეალურად გაჩნდა ჩემპიონატში წარმატების შანსი და ეს შანსი წყლულეთის ეტაპზე კიდევ უფრო მეტად გავამყარე. წინ მხოლოდ ერთი, გადამწყვეტი ეტაპია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებ პირველობისთვის.“
საქართველოს ჩემპიონატის წყლულეთის ეტაპი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. აღმართის დაძლევის მესამე ეტაპზე იყო გარკვეული ინციდენტები. საბედნიეროდ, ყველაფერი ექსცესების გარეშე დასრულდა.
ამ ეტაპზე თენგო გოგილაშვილი აღმართის დაძლევის საქართველოს ჩემპიონატში, 3.0 კლასში, პირველ ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო ეტაპის ჩატარების ადგილდებარეობა კი ჯერ უცნობია.