Aa Aa
25 სექტემბერი 2023  |  11:11

პლანეტაზე ყველაზე მძლავრი სედანი - Hennessey-ის Cadillac CT5-V Blackwing

Hennessey-ის 1 000-ცხენისძალიანი Cadillac CT5-V Blackwing-ი 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში ავითარებს.

Hennessey-მ Cadillac CT5-V Blackwing-ის მოდიფიცირება ოფიციალურად დაიწყო და ამ პროექტს H1000 უწოდა. ეს პაკეტი სპორტულ სედანს კოლოსალურ სიმძლავრეს მატებს და ნამდვილ მონსტრად აქცევს. გერმანელებს შეუძლიათ M5-ითა და Mercedes-AMG E63s-ით იამაყონ, როდესაც ამერიკელები 1 000-ცხენისძალიანი CT5-V Blackwing-ით პლანეტას გადაადნობენ.

CT5-V Blackwing-ი ქარხანას 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავით ტოვებს, რომელიც 668 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მსურველებს ამ ავტომობილის შეძენა 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 10-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით შეუძლიათ. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტრანსმისიით შეიძენთ მას. ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში განავითარებს და 330 კმ/სთ-მდე აჩქარდება.

ამ მონაცემებით უკმაყოფილო Hennessey-ის ინჟინერთა ჯგუფმა LT4 V8-ის მოდიფიცირება გადაწყვიტა. გაუმჯობესდა ცილინდრის თავაკები, შემშვები და გამშვები სარქვლები და ძრავის სხვა შიდა დეტალები. ამ ყველაფერს კი, რაღა თქმა უნდა, ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამირება მოჰყვა.

შედეგი? ძრავაზე 1 000 ცხენის ძალა და 1 309 ნიუტონ მეტრი! ახლა ეს მონსტრი 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში ავითარებს. მეოთხედ მილს კი 10.1 წამში ფარავს. მაქსიმალური სიჩქარის ელექტრონული შეზღუდვა ისევ 330 კმ/სთ-ზე დარჩა.

„H1000-ის სახელით ცნობილი Cadillac-ი პლანეტაზე ყველაზე სწრაფი და მძლავრი შიგაწვის ძრავის მქონე სედანი იქნება. ეს ის ნიშაა, რაც ამ ათწლეულის დასასრულს აღარ იარსებებს.“ - ამბობს ჯონ ჰენესი.

გაზიარება: