ჩინური ბრენდები ევროპის ბაზარზე ისევ დომინანტია
BYD-ს, MG-ს, Lotus-ს, Great Wall-ს, Nio-სა და სხვა ცნობილ ჩინურ ბრენდებს, გასულ წელთან შედარებით, სამნიშნა ზრდა აქვს.
ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის ბაზარზე გაყიდვებში დომინანტია. აგვისტოს განმავლობაში BYD-მა და MG-მ მისი ევროპელი კონკურენტები არაერთ სეგმენტში დაამარცხეს. ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ ჩინეთმა ევროპა ხელმისაწვდომი ავტომობილებით წალეკა.
MG ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩინური ბრენდია. MG4 ევროპის ყველაზე გაყიდვად 40 ავტომობილშია. MG ZS კროსოვერი 44-ე ადგილს იკავებს. აგვისტოს თვეში MG-მ ევროპის ქვეყნებში 3-ჯერ მეტი ავტომობილი გაყიდა, ვიდრე 2022 წლის იმავე პერიოდში - ჯამში 14,411 ავტომობილი. MG-მ უფრო მეტი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, ვიდრე Volvo-მ, Suzuki-მ და Mini-მ.
გაყიდვები BYD-მაც გაზარდა. 2022 წლის აგვისტოში ბრენდს მხოლოდ 186 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული. წელს ამ რაოდენობამ 2 685-ს მიაღწია. გაყიდვების უდიდესი ნაწილი, Atto 3-ზე (2,559) მოდიოდა. ამ მოდელმა ისეთი ავტომობილების გაყიდვები დაჯაბნა, როგორებიცაა Mercedes E-Class-ი და BMW-ს მეხუთე და მეოთხე სერიები.
კარგი შედეგები ჰქონდა Polestar-საც. აგვისტოს თვეში გაყიდვები 250%-ით გაეზარდათ. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ბაზარზე Lotus-მა, Ora-მ, BYD-მ, Great Wall-მა, Nio-მა, Xpeng-მა და MG-მ. ყველა კომპანიას, გასულ წელთან შედარებით, სამნიშნა ზრდა ჰქონდა.
ეს რიცხვები იმ ფაქტს უნდა უკავშირებოდეს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ელექტრო ავტომობილების დიდი ნაკადი შემოედინება და მათი ფასი ხელმისაწვდომია. მოთხოვნა იმხელაა, რომ ჩინელები ტრანსპორტირებისთვის ახალ გემებს ეძებენ. ევროპულ სახელმწიფოებს კი ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზომები არ მიუღიათ და, როგორც ჩანს, ამაში რეალურ საფრთხეს ჯერ ვერც ხედავენ.