Aa Aa
27 სექტემბერი 2023  |  11:21

2023 წლის XM-ი მანევრულობის ტესტს მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა

მიუხედავად იმისა, რომ XM-ი 2 766 კგ-ს იწონის, ეს მანევრულობის ტესტის წარმატებით გავლაში ხელს არ უშლის. 

მანევრულობის გამოცდა, ე.წ. Moose Test-ი საავტომობილო ინდუსტრიაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის მართვის რეალურ გამოცდილებასთან საკმაოდ ახლოსაა და ხშირად მოულოდნელი შედეგებიც გამოუვლენია. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი შედეგით ახლახან ეს ტესტი BMW XM-მა გაიარა. „მოულოდნელი“ კარგი გაგებით.

შესაძლოა ვიღაცამ გითხრათ, რომ BMW-ს მანევრულობის ტესტში არასდროს გაუჭირდება. თუმცა, XM-ი სტანდარტული BMW არ არის. ეს უზარმაზარი ზომის დამუხტვადი ჰიბრიდია, რომელიც 2 800 კგ-ს იწონის. ასეთი წონისა და სიტყვა „მანევრულობის“ ერთმანეთთან დაკავშირება ძალზედ რთულია. სწორედ ამიტომ, მოლოდინი, რომ XM-ი ამ დავალებას თავს კარგად გაართმევდა დაბალი იყო. 

პირველი გარბენი 77 კმ/სთ-ზე მოეწყო. როგორც აღმოჩნდა სიჩქარის ამ ნიშნულზე XM-ი Moose Test-ს წარმატებით ვერ გადის. თუმცა, როდესაც მისი სიჩქარე 74 კმ/სთ-მდე შემცირდა შედეგი შეიცვალა და მანქანამ ტესტი წარმატებით გაიარა.

ტესტის შემდგომ მძღოლმა განაცხადა, რომ XM-ის მოჭიდების დაკარგვა საკმაოდ პროგრესული და ინტუიციურია. მას ზედმეტად მოხვევადობაც და ცხვირის „გაჩოჩებაც“ ახასიათებს, თუმცა, ეს ყოველივე საგანგაშო ნიშნულამდე არ მიდის.

ეს ყველაფერი არ არის. სლალომი, ე.წ. KM77-ის ტესტი, XM-მა 22.9 წამში დაფარა. თუ ეს დრო არაფერს გეუბნებათ გეტყვით, რომ ის ამ მონაცემით 2022 წლის Audi RS 3 Sportback-ზე სწრაფია.

შეგეცვალათ თუ არა XM-ზე წარმოდგენა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: