Eurowise Mercedes-Benz Hot Rod : ამერიკული კულტურის ზეგავლენა
ვერავინ ვერასდროს ახსნის, თუ რატომ და როგორ უყვარს ავტომობილები. ეს ერთგვარი ნიჭია, რომელიც დაბადებიდანვე ან გაქვს, ან არა.
Hot Rod-ები ამერიკული ავტომობილების კულტურის ერთ-ერთი ნაწილია. Hot Rod-ებზე მეტად ამერიკული ავტომობილები არ არსებობს. სანამ მუსკულ ქარების და „პონი ქარების“ კატეგორია გამოჩნდებოდა, Hot Rod-ები აშშ-ს ქუჩებში უკვე დაფრინდავდნენ და ადგილობრივ პოლიციელებს ნერვებს უშლიდნენ. მართალია, წლების განმავლობაში Hot Rod-ების შინაარსი შეიცვალა და ახლა სუფთად ესთეტიკური სიამოვნებისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად იქცა, თუმცა თავდაპირველი Hot Rod-ებიდან რამდენიმე სტილი წარმოიქმნა. ფაქტობრივად Hot Rod-ების ტიპი და სტილი არასდროს იზღუდებოდა, რადგან ეს საკუთარი ხედვის გამოხატვის საშუალება იყო და თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ეს ნამდვილი Hot Rod არ არის, თავისუფლად შეგეძლოთ ახალი მიმართულება შეგექმნათ, რომელსაც სხვა ავტოენთუზიასტები აიყოლიებდნენ და შემდგომ თქვენს ქმნილებას ცალკე ჩამოყალიბებულ სტილად წარმოაჩენდით.
დღეს ჩვენ ერთი საინტერესო პროექტის შესახებ გვინდა გიამბოთ : Eurowise Mercedes-Benz Hot Rod. ეს ავტომობილი სუფთა Hot Rod-ი ნამდვილად არ არის, თუმცა შთაგონების წყარო ზუსტად ეს მიმართულება გახდა.
ამ პროექტის ისტორია 2017 წელს დაიწყო, როდესაც მაიკ ენჯი, Eurowise-ის ავტოსახელოსნოს შემქნელს მაიკ ენჯიოს მისი მორიგი საპროექტო ავტომობილის იდეით მიმართა. Eurowise-ს ენჯისთვის არაერთი ავტომობილი გადაუკეთებია, მათ შორის Ferrari, Lamborghini, G-კლასის კაბრიოლეტი და Rolls-Royce, მაგრამ ეს იდეა უნიკალური იყო. მაიკ ენჯის ვინტაჟური ავტომობილის რესტავრაცია-მოდიფიკაციის ჩატარება სურდა და ენჯიოს გენიალური იდეა მოუვიდა: Mercedes-Benz W108-ის „ჰოტ-როდის“ სტილში აწყობა.
Eurowise-ის მფლობელს, მაიკ ენჯიოს, W108 შასი ძალიან უყვარდა და ამიტომ აღნიშნული იდეა ფაქტობრივად თავისით მოაფიქრდა. ენჯის ამერიკული „ჰოტ როდის“ სტილში გერმანული სედანის გაკეთების მოანახაზი გადაჭრილი სახურავით, „ლინკოლნის“ მსგავსი „suicide“ ტიპის კარებით ძალიან მოეწონა.
3-კვირიანი საძიებო პროცესის შემდეგ მათ ერთი ეგზემპლარის პოვნა eBay-ზე შეძლეს, რომელიც საბედნიეროდ საკმაოდ ახლოს, პენსილვანიაში იმყოფებოდა. მათ ავტომობილი დაუფიქრებლად, ადგილზე მისვლისა და შევაჭრების გარეშე შეიძინეს. „მერსედესის“ გამყიდველი ხანში შესული ადამიანი იყო, რომელიც ავტომბილის ერთადერთი მფლობელი იყო და იგი მას შეძენის პირველივე დღიდან ატარებდა. ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და ძალიან ბევრი ნაწილი ქარხნულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამუზეო ექსპონატის დონის ავტომობილი იყო და ამის გამო ენჯიმ თავი იმდენად უხერხულად იგრძნო, რომ გამყიდველს აღარ უთხრა, ამ მოდელს რისთვის ყიდულობდნენ. ავტომობილის მფლობელს მისი საყვარელი ავტომობილის „ჰოთ როდად“ გადაკეთების შესახებ რომ გაეგო, ალბათ გულის შეტევა დაემართებოდა.
როგორც ყველა საპროექტო ავტომობილს შეეფერება, პირველი ნაბიჯი ძრავის ჩანაცვლება იყო. თავდაპირველად ახალ ძალოვან აგრეგატად ატმოსფერულ 5,7-ლიტრიან LS1 V8 ძრავას მოიაზრებოდნენ, მაგრამ ძრავის სივრცის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ 5,3-ლიტრიანი LS ძრავა BorgWarner-ის 66 მილიმეტრიანი ტურბო კომპრესორით უფრო რაციონალური არჩევანი იქნებოდა.
ასევე ტრანსმისიაც ჩაანცავლეს და „მერსედესში“ T-56 6-სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დააყენეს.
ავტომობილის ინტერიერი რამდენიმე ეპოქის კომბინაციას წარმოადგენს, „ჰოტ როდის“ უხეში სტილი, თანამედროვე აღჭურვილობა და იმ თაობის „მერსედესის“ შესაფერისი ვინტაჟური დიზაინი ერთმანეთთან ძალიან კარგად არის შერწყმული.
ძველებური სტილის შესახებ ამოტვიფრული ექვსკუთხედები, წითელი ნაკერები და სავარძლები თავის დასასვენებლები გარეშე მეტყველებს, ხოლო კარბონისგან დამზადებული მაჩვენებლთა დაფა და პანელები თანამედროვე სტილს ხაზს უსვამს.
საჭე Mercedes-AMG C63-ისგან არის გადმოტანილი და C63-ის საჭის სვეტის W108-ზე მორგება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესი აღმოჩნდა. ავტომობილში ასევე შუშების ელექტრონული მექანიზმი, ცენტრალური საკეტი და Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე აუდიო სისტემა არის დამატებული.
იმისათვის, რომ „მერსედესი“ ძველი სკოლის, ე.წ. „low rider“-ების სტილში გამოსულიყო, მათ პნევმატური დაკიდების სისტემა აირჩიეს, რომლის თვისებების შეცვლა 7-ღილაკიანი მართვის ბლოკით ხდება. Air Lift Performance 3P სისტემამ ავტომობილი რბილი სიარულით უზრუნველჰყო და დაკიდების სისტემის მორგების მეტი შესაძლებლობა მისცა. ეს სისტემა საბარგულის სივრცეს თითქმის მთლიანად იყენებს. მიუხედავად მოწყობილობის ჩახლართულობისა, იგი ძალიან ლამაზად გამოიყურება.
ავტომობილი „მერსედესის“ შესაფერისად კომფორტული, რბილი და სასიამოვნო სატარებელი აღმოჩნდა. პირველი სატესტო გარბენი განივი მდგრადობის სტაბილიზატორის, ე.წ. მშრალი ამორტიზატორის გარეშე ჩაატარეს და მიხვდნენ, რომ ავტომობილს მოსახვევის დაძლევა ძალიან უჭირდა, რადგან LS-ის ძრავა ქარხნულ ძალოვან აგრეგატს წონაში თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა და დაკიდების სისტემა მომატებულ წონას ვეღარ ერეოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათ NASCAR-ის ტიპის წინა განივი მდგრადობის სტაბილიზატორი შეიმუშავეს, რომელიც შემდგომ 3 სმ დიამეტრის მქონე სუფთა ფოლადის ღერძისგან შექმნეს.
პროექტის შესასრულებლად თითქმის 2 წელი დასჭირდათ, მაგრამ მასზე დახარჯული დროის ერთ წამსაც კი არ ნანობენ.
„როდესაც შენ გარშემო მყოფი ადამიანების სახეებზე ღიმილს ვამჩნევ და ონლაინ სივრეში აღფრთოვანებული ავტომოყვარულების კომენტარებს ვკითხულობ, პროექტზე დახარჯული დროის, ნერვების და ენერგიის მიზანმიმართულობაში უფრო მეტად ვრწმუნდები. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და საარსებო ენერგიას მიმატებს,“ – თქვა Eurowise-ის მფლობელმა მაიკ ენჯიომ Mercedes-Benz Hot Rod-ის პროექტის შესახებ.