სექტემბერში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 26 მანქანა გავიდა
სექტემბრის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 26 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, მათი მთლიანი ღირებულება კი 300 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის სანქცია რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა. 2023 წლის 1 აგვისტოდან კი საქართველომ ასახა აშშ-ის სანქცია ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვის თაობაზე.
რუსეთში საქართველოდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი ბოლო 3 თვეში თითქმის განულდა. თუკი ივლისში ეს იყო 1,054 ავტომობილი ($13.3 მლნ დოლარი) სექტემბერში ის 85 ავტომობილამდე 0.8 მილიონამდე შემცირდა, სექტემბერში კი მხოლოდ 26 შეადგინა ($0.3) მლნ.
სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ექსპორტი ერთ-ერთ უღარიბეს ცენტრალურ აზიურ ქვეყანა ყირგიზეთში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო რგოლად ჩამოყალიბდა. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 2,139 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, მათი მთლიანი ღირებულება კი 71.4 მილიონი დოლარი იყო (ერთი მანქანის საშუალო ფასი $33 ათასი დოლარი). მაღალი ალბათობით შუალედური მყიდველების გავლით, ყირგიზეთიდან ავტომობილები რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ხვდება. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტმა 15 მილიონი დოლარით იმატა. წლიურ ჭრილში კი ზრდა 850%-ია.
სექტემბერში საქართველოს ავტოექსპორტის მთავარი ბაზრები ასე გადანაწილდა:
ყირგიზეთი - $71.5 მილიონი, 2,139 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $33 ათასი;
ყაზახეთი - $67.8 მილიონი, 4,849 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
აზერბაიჯანი - $31.7 მილიონი, 1,204 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $26 ათასი;
სომხეთი - $15 მილიონი, 833 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
ტაჯიკეთი - $3.5 მილიონი, 313 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი.
სულ 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია $67 მილიონის ღირებულების 4,951 ავტომობილი. ყირგიზეთში კი ექსპორტზე გასულია $427 მილიონი დოლარის ღირებულების 11,122 მანქანა. ამ მაჩვენებლით ექსპორტში #1 ადგილს სწორედ ყირგიზეთი იკავებს.
წყარო: BM.ge