ზამთარში ავტომობილის ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო ხდება?
შესაბამისმა უწყებებმა გზების ის მონაკვეთები უნდა განსაზღვრონ, სადაც სპეციალური აღჭურვილობით გადაადგილება იქნება სავალდებულო.
შესაძლოა, ძალიან მალე ზამთრის პერიოდში ავტომობილის ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა კანონით დარეგულირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.
შესაბამისი უწყება გზების იმ მონაკვეთებს განსაზღვრავს, სადაც პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე ზემოთ ნახსენები აღჭურვილობის გამოყენება იქნება სავალდებულო.
„...მომზადებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. პირველი დეკემბრიდან პირველი მარტამდე მაღალმთიან რეგიონებში სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით, ხოლო განსაკუთრებულ პირობებში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით სატრანსპორტო საშუალების აღჭურვა. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება სანქციებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
გეტყვით იმასაც, რომ კანონდამრღვევი მძღოლები ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებიან და მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემაში 5 ქულა გამოაკლდებათ.
როგორ შეაფასებდით ახალ ინიციატივას? გაზრდის თუ არა კანონის ძალაში მიღება გზებზე მძღოლების უსაფრთხოებას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.