Chrystler 300-ის ჯიუტმა მძღოლმა გზა ძალისმიერად გაიკვლია
მძღოლი მალევე მიხვდა, რომ ეს ყოველივე ცუდი იდეა იყო.
ალბათ, ერთხელ მაინც მიგვიღია ისეთი ცუდი გადაწყვეტილება, რასაც კიდევ უფრო უარესი გადაწყვეტილების მიღება მოჰყოლია. შემდეგ კი, ცივ გონებაზე, ყველაფერი სხვანაირად გვიფიქრია. თუმცა, სანაძლეოს დავდებთ, რომ ისეთ ცუდ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებდით, როგორიც Chrysler 300-ის მფლობელმა მიიღო. შემთხვევა დენვერში, კოლორადოში მოხდა.
ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სამუშაოების გამო ავტომობილებისთვის დაკეტილი იყო. ქვეითებისთვის სპეციალური დერეფანი იყო მოწყობილი, რათა, ქუჩაზე მობილობა სრულად არ შეფერხებულიყო. ჯიუტმა ამერიკელმა კი გადაწყვიტა, რომ ამ დერეფანში ავტომობილით შეძლებდა გავლას.
სამწუხაროდ, უცნობია რატომ არ წავიდა დანიშნულების ადგილისკენ ეს ადამიანი შემოვლითი გზით. აშკარაა, რომ ის ამ სიტუაციამ გააღიზიანა და საოცრად ვიწრო დერეფანში საკმაოდ დიდი ავტომობილით გავლა გადაწყვიტა.
მანქანა მთლიანად არ იყო მონაკვეთზე შესული, როდესაც წინა საბურავი ღობის კონსტრუქციულ დეტალს შეეხო და საბურავი გასკდა. ეს ფაქტი მძღოლმა უგულებელყო და გზა მაინც გააგრძელა, რა დროსაც ავტომობილის კორპუსი ჯებირებს რამდენჯერმე შეეხო. მანქანა საკმაოდ დაზიანდა.
ჯიუტი მძღოლი იმდენად თავხედი აღმოჩნდა, რომ ის ქვეითებსაც დაეჯახა. „კრაისლერმა“ ეს დერეფანი მაინც გაიარა, მაგრამ ბოლოს რესტორნის ინვენტარსა და განათების ბოძმა შეუშალა ხელი. ამაზე მძღოლი ჭკუიდან შეიშალა და იქვე გაჩერებულ CR-V-საც დაეჯახა.
საბოლოოდ, მძღოლმა მანქანა გზაზე დააბრუნა და დანიშნულების ადგილისკენ სვლა განაგრძო. მისი ავტომობილი ახლა გადასაგდებია. პოლიცია კი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აუცილებლად მოსთხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რამ გამოიწვია „კრაისლერის“ მძღოლის ამგვარი ქცევა, მის ქმედებებს გამართლება არ აქვს.
თქვენ რა უცნაური შემთხვევის მომსწრე გამხდარხართ ქალაქში? მოგვიყევით თქვენი ისტორია კომენტარებში.