რომელ ბრენდს ჰყავს ყველაზე მეტი ლოიალური მომხმარებელი?
ავტომწარმოებელი ბრენდების მიმართ მომხმარებელთა ლოიალობა ამჟამინდელი მფლობელების იმ პროცენტული მონაცემით იზომება, რომლებიც შემდგომი მანქანის შეძენის დროსაც არჩევანს კვლავ ამავე მწარმოებელზე შეაჩერებენ. Consumer Reports-ი, ლოიალური მომხმარებლების გამოსავლენად, ყოველწლიურად ანგარიშს 330 ათასზე მეტი მანქანის მფლობელის გამოკითხვებზე დაყრდნობით ადგენს.
Consumer Reports-ის ანგარიში მომავალ მყიდველებს სხვადასხვა ბრენდების ერთმანეთისთვის შედარების საშუალებას აძლევს, რაც მათ შესყიდვისას ბევრად გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება. საინტერესოა, რომ წლევანდელ ანგარიშში, ბრენდით კმაყოფილების სიის სათავეში მასკის კომპანია Rivian-მა ჩაანაცვლა - R1S-ისა და R1T-ის მოდელების წყალობით.
Rivian-ის ამჟამინდელი მომხმარებლების დაახლოებით 86% ამბობს, რომ ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს ისევ იმავე ბრენდზე გააკეთებდა. ელექტრომობილების სტარტაპმა მისთვის საინტერესო ნიშა თავგადასავლებისთვის გათვლილი მოდელების წარდგენით დაიჭირა და მიუხედავად გარკვეული მოდელების უკან გაწვევისა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ლოიალური მომხმარებლის მოპოვებაც მოახერხა.
ლოიალურ მომხმარებელთა დიდი რაოდენობით გამოირჩევიან სხვა ძვირად ღირებული ავტომწარმოებლებიც. მათ შორისაა BMW, Porsche, Tesla, Genesis-ი და Lexus-ი. გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგში ყველაზე მეტი, 11 პოზიციით Mini დაწინაურდა, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა წარმოდგენილი.
თუმცა, მომხმარებელთა შორის კმაყოფილების დონე განსხვავებულია ავტომობილების სხვადასხვა მახასიათებლებისადა მიხედვით, ესენია: საერთო კომფორტი, მარტივად მართვადი, კაბინის ტევადობა, მარტივად გამოყენებადი (გადამცემთა კოლოფის გადართვა, კლიმატის კონტროლი), მანქანის ფლობასთან დაკავშირებული ხარჯები (საწვავის, შეკეთების, დაზღვევის ღირებულება).
მსგავსი მახასიათებლების მიხედვით, საერთო კომფორტით ყველაზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი Porsche-ს ჰყავს, მარტივად მართვადი და დაბალხარჯიანი Tesla აღმოჩნდა, კაბინის ტევადობით - Dodge Ram-ი გამოირჩევა, ხოლო მარტივად გამოყენებადი Genesis-ია.
Consumer Reports-ის ანგარიშში, ნაკლებად ლოიალური მომხმარებლის მქონე კომპანიები გვხვდება. რეიტინგის ბოლოში მოხვედრა მიანიშნებს, რომ ამ ავტომწარმოებლების მფლობელები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილნი შესყიდვით და სამომავლოდ, იმავე გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, აღარ მიიღებენ. Infiniti-ის მომხმარებელთა მხოლოდ 43% ამბობს, რომ შესაძლოა სამომავლოდ კვლავ განიხილოს იმავე ბრენდის შეძენა, Volkswagen-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51%-ს, Nissan-ზე - 55%-ს უდრის.
პროცენტულად, ყველაზე ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც შემდეგი შესყიდვის დროსაც იმავე ბრენდზე გააკეთებენ არჩევანს, ამ ავტომწარმოებლებს ჰყავთ: Rivian – 86%, Mini – 77%, BMW – 76%, Porsche – 76%, Tesla – 74, Genesis – 73%, Lexus – 73%, Subaru – 70%.