Volvo-მ დიზელის ძრავაზე მომუშავე ბოლო მანქანა გამოუშვა
Volvo შარშან მიცემულ პირობას ასრულებს და 2024 წლის დასაწყისიდან, დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას აჩერებს. Torslanda-ს ქარხანაში აწყობილი XC90 უკანასკნელი ავტომობილი იქნება, რომელსაც შვედური კომპანია დიზელის ძრავით გამოუშვებს.
ეპოქა, რომელიც სრულდება, თითქმის 45 წლის წინ დაიწყო. დიზელზე მომუშავე ბოლო ავტომობილი გაყიდვის ნაცვლად, შვედეთის ქალაქ გოტებორგში, World of Volvo-ს მუზეუმში განთავსდება. Geely-ის საკუთრებაში არსებულმა მარკამ, წარმოების აღრიცხვა მხოლოდ 1991 წელს დაიწყო და მას შემდეგ 9 მილიონზე მეტი მანქანა შექმნა. 1979 წლიდან 1991 წლამდე მონაცემები არ არსებობს, შესაბამისად წარმოების რაოდენობა 9 მილიონზე ბევრად მეტია.
Volvo-ში დიზელის ისტორია 244 GL D6-ით დაიწყო, თუმცა აღნიშნულ მოდელს Volvo-ს ძრავა არ ჰქონდა და მის ნაცვლად, Volkswagen-ისა და Audi-სგან მიღებული, ატმოსფერულ ექვსცილინდრიან აგრეგატს იყენებდა. საკუთარი წარმოების ხუთცილინდრიანი ძრავა კომპანიამ მხოლოდ 2001 წელს წარადგინა.
დიზელის ძრავების განვითარებაზე მუშაობა Volvo-მ 2017 წელს შეწყვიტა, ახლა კი, წარმოების ხაზიდან დიზელის ძრავა სრულად ამოიღო. შემდეგი ეტაპი შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მანქანების წარმოების სამუდამოდ შეჩერებაა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ძვირად ღირებულმა ბრენდებმა, მათ შორის Mercedes-მა და Bentley-იმ, EV-ის ამბიციური გეგმები გადაავადეს, შვედური მწარმოებელი გეგმას მკაცრად მიყვება და ათწლეულის ბოლოსთვის, სრულად ელექტრონული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვება.
„ევროპის საავტომობილო ასოციაციის“ (ACEA) მტკიცებით, ევროპაში დიზელის საბაზრო წილი 2022 წლის 16.4%-დან, 2023 წელს 13.6%-მდე დაეცა. უფრო მეტად პოპულარული გასულ წელს - ბაზრის 14.6%-იანი წილით - სრულად ელექტრო მანქანები იყო, ხოლო plug-in ჰიბრიდები 7.7%-ს შეადგენდნენ. თუმცა, ბაზარზე დომინაცია, 35.5%-ით კვლავ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებსა და ჰიბრიდებს - 25.8% - უკავიათ.