ყველაზე ძვირად გაყიდული საკულტო ავტომობილები
ბოლო წლებში საავტომობილო აუქციონის ბაზარმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია.
აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილების რეკორდი სულ რაღაც 2 წლის წინ - თითქმის $100-მილიონიანი განსხვავებით მოიხსნა.
2022 წელს, 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR-ი, ცნობილი, როგორც Uhlenhaut კუპე, Sotheby's აუქციონზე $142 მილიონად გაიყიდა. სარბოლო ავტომობილს Uhlenhaut-ი ავტომწარმოებლის მთავარი ინჟინრის, რიდოლფ ულენჰაუტის გამო დაერქვა. მოდელის ეს ვერსია მხოლოდ ორ ეგზემპლარად აიწყო: GP-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხუან მანუელ ფანგიოს ორგზის გამარჯვებული ავტომობილის, W196 R-ის მიხედვით. მოგვიანებით, ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთს ულენჰაუტი თავისი კომპანიის ავტომობილად იყენებდა.
Mercedes-ის პირველობის მიუხედავად, აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ავტომობილებს შორის უმეტესად Ferrari-ის მოდელებს ვხვდებით, აქვეა Alfa Romeo, Aston Martin-ი, McLaren-ი....
2013 Mercedes-AMG Petronas F1 W04 — $18,815,000 (Sotheby’s, 2023წ.)
2013 წლის მოდელი აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული სარბოლო ავტომობილია. Mercedes-ის გუნდში გაწევრიანების შემდეგ, ჰამილტონმა პირველი გამარჯვება სწორედ W04-ით მოიპოვა. მოდელი „ფორმულა 1“-ზე გუნდის ერთადერთი მანქანაა, რომელიც არც გერმანულ მარკას, არც ტოტო ვულფს და არც თავად ჰამილტონს არ ეკუთვნოდა. W04, ლას ვეგასის გრან-პრის ინაუგურაციამდე $18.8 მილიონად გაიყიდა.
1994 McLaren F1 ‘LM-Specification’ — $19,805,000 (Sotheby’s, 2019)
1990-იანი წლების სუპერმანქანა თითქმის უკვე 28 წლისაა, თუმცა კვლავ თანამედროვედ გამოიყურება. ამის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ავტოდიზაინერი შთაგონებისთვის კვლავ McLaren-ის ამ მოდელს იყენებს. თუმცა ამ კონკრეტულ ავტომობილში მხოლოდ მისი გარეგნული მხარე არაა გამორჩეული. ექსტერიერის გარდა, F1-ის V-12 ძრავით, მოდელი ყველაზე სწრაფი მასობრივი წარმოების ატმოსფერული ძრავის მქონე ავტომობილია. 1994 McLaren F1 ერთ-ერთია იმ ორი ეგზემპლარიდან, რომელიც ქარხნის მიერ LM (Le Mans) სპეციფიკაციებით შეიცვალა.
1995 McLaren F1 — $20,465,000 (Gooding & Company, 2021)
McLaren-ი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე „ძვირფასი“ მანქანაა. ავტომწარმოებელმა ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ 106 ნიმუში შექმნა, აქედან 64 მათგანი მხოლოდ ქუჩებისთვის. 1995 წლის მოდელი ყველაზე დაბალი გარბენის მქონე F1-ია, რომელიც გამოშვების შემდეგ, წელიწადში, 16 კილომეტრზე ნაკლებს გადიოდა. ამასთან ერთად კი, McLaren-ის ერთადერთი მოდელია, რომელიც "Creighton Brown" ფერშია წარმოდგენილი.
1963 Aston Martin DP215 Competition — $21,455,000 (Sotheby’s, 2018)
კოლექციონერებს ყველაზე მეტად უნიკალური ნივთები იზიდავთ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ Aston Martin-ის აღნიშნული მოდელი 2018 წელს $20,46 მილიონად გაიყიდა. ვიზუალურად გამორჩეული მანქანა 1963 წლის პროტოტიპია - უკანასკნელი „პროექტების ავტომობილის“ სერიიდან, რომელიც დევიდ ბრაუნის ხელმძღვანელობის ქვეშ შეიქმნა. DP215 პირველი მანქანა იყო, რომელმაც რბოლაზე 300 კმ/სთ-ის ბარიერი დაარღვია და Mulsanne Straight-ზე მაქსიმალურ სიჩქარეს - 319.6 კმ/სთ-ს მიაღწია.
1955 Jaguar D-Type — $21,780,000 (Sotheby’s, 2016)
არანაკლებ იზიდავთ კოლექციონერებს Jaguar-ის გასული საუკუნის შუა წლების სარბოლო მანქანები. მათ შორისაა 1954-1957 წლებში გამოშვებული D-Type-ის მოდელი, გამორჩეული ეფექტური გარეგნობითა და სიჩქარით. ამ კონკრეტულმა მოდელმა Ecurie Ecosse-ს „ლე-მანზე“ გამარჯვება, ავტომწარმოებელს კი ხუთიდან ოთხ რბოლაში გამარჯვება მოუტანა. „ლე-მანის“ გამარჯვებული Jaguar-იდან, D-Type ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარია, რის გამოც 2016 წელს $21.78 მილიონად გაიყიდა.
1956 Aston Martin DBR1 Roadster — $22,550,000 (Sotheby’s, 2017)
Aston Martin-ის ყველაზე ცნობილი მოდელი შესაძლოა DB5 იყოს, თუმცა ბრიტანული მარკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება DBR1 Roadster-ია. ოთხი ეგზემპლარიდან პირველი DBR1 ავტომწარმოებლისთვის ყველაზე ძვირად - $22.5 მილიონი - გაყიდული მოდელია. ავტომობილი ერთადერთია, რომელმაც ერთსა და იმავე წელს „ლე მანის 24 საათიც“ და World Sportscar Championship-იც მოიგო.
1964 Ferrari 275 GTB/C — $26,400,000 (Sotheby’s, 2014)
ყველა Ferrari 275 GTB გამორჩეულია, თუმცა კოლექციონერში განსაკუთრებული პოპულარობით სკალიეტის დიზაინით შექმნილი მოდელები სარგებლობს. 1965 წლის ლე მანის 24 საათის შეჯიბრებებისთვის მხოლოდ სამი Ferrari 275 GTB/C შეიქმნა, რამაც გავლენა მის მაღალ ფასზეც იქონია. ამ კონკრეტულ მოდელს 1965 წლის ლე მანის გამძლეობის რბოლაზე მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც ავტომობილი 2014 წელს თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში გაიყიდა.
1956 Ferrari 290MM — $28,050,000 (Sotheby’s, 2015)
ეს Ferrari 1956 წელს შეიქმნა - იმავე წლის Mille Miglia-ზე მონაწილეობისთვის. 1950 წლის მრბოლელები ავტომწარმოებლის ისტორიაში მართლაც გამორჩეულები იყო, ეს კონკრეტული მანქანა კი, სპეციალურად „ფორმულა 1“-ის ხუთგზის ჩემპიონისა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტისთვის, ხუან მანუელ ფანხიოსთვის შეიქმნა.
2018 წელს, 1956 წლის 290 MM-ის კიდევ ერთი მოდელი გაიყიდა, ამჟამად უკვე $22 მილიონად. 290 MM, შასი No. 0628, 1956 და 1957 წლების სეზონებში Scuderia Ferrari Works-ის ოფიციალური მანქანა იყო, რაც მის გასაყიდ ფასზეც აისახა.
1954 Mercedes-Benz W196 — $29,600,000 (Bonhams, 2013)
Mercedes-Benz W196-ზე წარმატებული მხოლოდ რამდენიმე მანქანა თუ იყო. W194-ის მემკვიდრეს ისეთი ცნობილი პილოტები მართავდნენ, როგორებიც ხუან მანუელ ფანგიო და სერ სტირლინგ მოსი იყვნენ. ავტომობილმა 1954-1955 წლების სეზონში 12-დან 9 რბოლა და ორი მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ეს კონკრეტული მოდელი იყო პირველი, რომელმაც 1954 წლის საფრანგეთის გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვა და ასევე ერთადერთია, რომელიც ავტომწარმოებლის ან მუზეუმის კოლექციაში არ ინახება.
1967 Ferrari 412 P Berlinetta —$30,255,000 (Bonhams, 2023)
412 P Berlinetta იტალიური ავტომწარმოებლის უიშვიათესი სარბოლო მანქანაა, რომლის მხოლოდ ორი ვერსიაც შეიქმნა. ავტომობილები 330 P3 და P4 სარბოლო მანქანების „სამომხმარებლო ვერსიად“ ითვლება. 412 P Berlinetta აღნიშნული ორივე მოდელის ელემენტებს აერთიანებს: 4.0-ლიტრიან V-12 ძრავა, P3-ის შასი და კორპუსი და P4-ის სავალი ნაწილი და ბორბლები. ავტომობილი Ferrari-ის 1967 წელს, World Sportscar Championship-ის მოგებაშიც დაეხმარა.
1957 Ferrari 335S — $35,750,000 (Artcurial, 2016)
335S სწორედ ის მოდელია, რომელიც იტალიური მარკის წარმატებისთვის რეალურად იბრძოდა, მათგან კი, 1957 წლის 335S ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ამ კონკრეტული ავტომობილით Ferrari-იმ, 1957 წლის კონსტრუქტორთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ფინალურ Mille Miglia-ზე მეორე ადგილი დაიკავა. 335S-ის პილოტებს შორის იყვნენ: პიტერ კოლინზი, ვოლფგანგ ფონ ტრიპსი და ლუიჯი მუსო.
1962 Ferrari 330 LM / 250 GTO – $51,705,000 (Sotheby’s, 2023)
Ferrari კოლექციონერთა გულთამპყრობელია. განსაკუთრებული სარბოლო მიღწევებით ავტომობილი არ გამოირჩევა, თუმცა მაინც შეძლო და 1962 წელს, ნიურბურგრინგის 1000 კმ რბოლაზე მის კლასში გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, კლასიკური ავტომობილების წრეში 330 LM / 250 GTO ერთ-ერთი ტიტულიანი ავტომობილია და საკოლექციო მანქანების საზოგადოებაშიც მუდმივად ინარჩუნებს მიმზიდველობასა და აღიარებას. ამ კონკრეტულ მოდელამდე 2018 წელს კიდევ ერთი 250 GTO გაიყიდა - $48.4 მილიონად. მის თავდაპირველ ვერსიასთან ყველაზე ახლოს იყო და 95%-ით ინარჩუნებს იმ ნაწილებს, რომლითაც წარმოების შემდეგ ქარხანა დატოვა.
1955 Mercedes-Benz 300 SLR “Uhlenhaut Coupe” — $142,000,000 (2022)
რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას: 2018 წელს, Ferrari 250 GTO აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მანქანა რიგით მეორედ გახდა, 2022 წელს კი მისი რეკორდი, თითქმის $100 მილიონით, Mercedes-მა გააუმჯობესა. გაყიდვიდან მიღებული თანხა კი სრულად Mercedes-Benz-ის გლობალური სტიპენდიის პროგრამაში გადაირიცხა. Mercedes-ის ფონდი იმ ახალგაზრდებს აფინანსებს, რომლებიც მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობენ.