ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი M5-ია და ის ახალ M3-ზე ძვირი ღირს
ეს 2001 წელს გამოსული BMW M5 ერთ-ერთია იმ 71 გამოშვებული ეგზემპლარიდან, რომელიც ინტერიერის და ექსტერიერის ფერების ამ კომბინაციით არის წარმოდგენილი.
თუ მაღალი წარმადობის სპორტული სედანის შეძენა გსურთ არჩევანი საკმაოდ დიდია. სეგმენტში ყველაზე მაცდური ალტერნატივა უახლესი BMW M3 ან AMG C63-ია. ამ უკანასკნელს კომპლექსური ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი აქვს. თუმცა, ამ ფასად თქვენ ერთი ძალზედ საინტერესო ავტომობილი მოგივათ. სურათებზე 2001 წელს გამოშვებულ BMW M5-ს ხედავთ, რომლის ფასიც 98 000$-ია.
M5-ის ყველა თაობა საკულტოა, თუმცა, მოყვარულების გულებში E39-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ ავტომობილის დებიუტი 1998 წელს შედგა და, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 25 წლისაა, ქუჩაში მისი დანახვა დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს. ამ ავტომობილის გასაყიდი განცხადება LBI Limited-ის პლატფორმაზეა ატვირთული. ფასი ბევრ მსურველს უკან დაახევინებს, მაგრამ ბევრიც კმაყოფილი დარჩება.
E39 რომ 4.9-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, ეს ახალი არავისთვისაა. 6 000 ბრუნზე მანქანა 400 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი 6 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაწყვილებული. დუეტი M5-ს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ 4.8 წამში განავითაროს. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ზე ელექტრონულად არის შეზღუდული.
სურათზე ნაჩვენები ავტომობილი ძალზედ „ბრიტანულად“ გამოიყურება, რაც გემოვნებას და კლასს უსვამს ხაზს. ექსტერიერი Oxford Green-შია შეღებილი. ინტერიერის ფერს კი Caramel Leather-ს ჰქვია (კარამელის ტყავი). ვერ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს ჩემი, როგორც სტატიის ავტორის, ერთ-ერთი საოცნებო ავტომობილია. ფერების ეს შერწყმა E39 M5-ს კიდევ უფრო დახვეწილ ავტომობილად აჩენს. ფერების ამ კომბინაციით ეს მანქანა სულ 71 ეგზემპლარად არსებობს.
22 წლის განმავლობაში მანქანას 40 000 კმ აქვს დაფარული, რაც ამ ავტომობილისთვის და მისი ძრავისთვის არაფერია. ზოგადი მდგომარეობა წუნდაუდებელთან მიახლოებულია. ეს ნიშნავს, რომ ის თავის შემდეგ მფლობელს დიდხანს და უპრეტენზიოდ ემსახურება.
თქვენ რა ავტომობილს შეიძენდით 100 000$-ად? ახალ M3-ს, C63-ს თუ ამ ლეგენდარულ სედანს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.