VW, Geparda
Aa
Aa

ამ Volkswagen-ს 20 ცხენის ძალა და უცნაური უკანა ბორბლები აქვს

Geparda ტიპური VW არ არის!

ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში მართვის მოწმობასთან დაკავშირებით საინტერესო რეგულაციებია. მაგალითისთვის, აშშ-ში საჭესთან დაჯდომა, სასწავლო უფლებით, 14 წლიდან არის შესაძლებელი. გერმანიაში A1-ის კლასის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან არის შესაძლებელი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი ავტომობილის მართვა არ არის ნებადართული.

სურათზე ნაჩვენები ავტომობილი მათთვის არის შექმნილი, ვისაც საჭესთან დაჯდომა რაც შეიძლება სწრაფად სურს. მას Geparda ჰქვია, რაც ქართულად ავაზას ნიშნავს. საინტერესოა რატომ დაარქვეს ამ მანქანას ეს სახელი, რადგან ავაზა სისწრაფესთან და სიმხეცესთან არის ასოცირებული. Geparda-ს კი საამისო არაფერი აქვს. მოდელს უკან ნორმალური ბორბლებიც არ გააჩნია. ეს ნამდვილი სამბორბლიანი მანქანაც არ არის, რადგან უკანა ღერძზე ორი ტყუპი დისკია დამონტაჟებული. თუ ავტომობილს გვერდიდან შეხედავთ, იფიქრებთ, რომ ის ჰაერშია. გარკვეული თვალსაზრისით Geparda „ვოლკსვაგენის“ ცნობილ მოდელს, XL1-ს ჰგავს. 



უცნაური უკანა ღერძის განსათავსებლად შასის მოდიფიცირება ჩაუტარდა. ეს სტაბილურობის გაუმჯობესებას ემსახურება. წინ H&R-ის, ხოლო უკან Eibach-ის დაკიდების სისტემა გვაქვს.

Geparda 1.0-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს აგრეგატი სხვა მოდელებშიც გვხვდება, თუმცა, ამ ავტომობილში ძრავა მხოლოდ 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წამყვანი თვლები წინაა, რომელზე ძალასაც 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი ანაწილებს. მიუხედავად ამისა, ავტომობილს 108 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. საშიშად ჟღერს!


ერთადერთი, რაც Geparda-ს ავაზასთან აახლოებს მისი წინაა. ის სულ რაღაც 900 კგ-ს იწონის. ავტომობილი უკან დოლურ მუხრუჭებზეა. სალონში უსაფრთხოების 4 ბალიში გვაქვს. ABS-ი და ESP-ი ხელმისაწვდომია.

ამ ავტომობილის ფასი გერმანიაში 20 000 ევროა. ამ ფასად თინეიჯერი ბევრ საინტერესო ავტომობილს შეიძენდა. თუმცა, ვინც ვერ ითმენს, 20-ცხენისძალიანი Geparda მსურველებს იდეალურ გამოსავალს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები