BMW-ს გასაიდუმლოებული V16-ძრავის მეშვიდე სერია ათწლეულების შემდეგ გამოჩნდა
მეშვიდე სერიის პროტოტიპი, რომელიც „Goldfisch" V16-ითაა აღჭურვილი.
ჯერ კიდევ 1980-იან წლებში BMW-ის ინჟინრები თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ბავარიული ფუფუნების სიმბოლოს ქმნიდნენ. ამ ძალისხმევის შედეგად მივიღეთ V16, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული ძრავაც იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მეშვიდე სერიის მხოლოდ ორ განსხვავებულ პროტოტიპში მოათავსეს.
V16-ს მეტსახელიც მოუფიქრეს - Goldfisch-ი დაარქვეს, მაგრამ რეალურად, ძრავა სერიულ წარმოებაში არასოდეს ჩაშვებულა.
მაშინ, როდესაც ბევრი შესაძლოა იცნობდეს მე-7 სერიის E32 თაობის ყავისფერ 767iL V16 Goldfisch-ის (რომელიც 1986-1994 წლებში იქმნებოდა), მოდელთან დაკავშირებით კიდევ ერთი საიდუმლო არსებობს, რაც ამ დრომდე ავტომწარმოებელს არ გაუსაჯაროებია. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ, BMW-მ ჩუმად შექმნა მეორე ვერსია, თუმცა ამჯერად უკვე E38-ის (1995-2001) სატესტო პროტოტიპის ბაზაზე.
იმის გამო, რომ BMW-იმ V16-ის წარმოება გადაიფიქრა, 1990 წლის 750iL V16 Goldfisch-ი ათწლეულების განმავლობაში გერმანული ავტომწარმოებლის კოლექციაში ინახებოდა. თუმცა, დიდხნიანი განმარტოების შემდეგ, მისი პირველი საჯარო დებიუტი გერმანიაში, Techno-Classica Essen-ის შოუზე შედგება. სწორედ აქ წარუდგენს მსოფლიოს BMW მის დამაინტრიგებელ პროტოტიპს.
BMW-ის გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომ მანქანას აქვს ყველანაირი სახის აღჭურვილობა, რომლებიც 1990-იანი წლების მდიდრული მანქანებისთვის დამახასიათებელია. პროტოტიპი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება: E38-ის მსგავსი ფარები და სარკეები აქვს, თუმცა, სხვა მხრივ, საკმაოდ განსხვავებულია E38-ის სტილთან შედარებით, რომელიც ხშირად, საუკეთესო ვიზუალის მქონე მეშვიდე სერიად სახელდება.
ავტომობილის 6.6-ლიტრიანი V16, 5-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული: გამოიმუშავებს 343 ცხენის ძალას და 250კმ/სთ-ს ავითარებს. შედარებისთვის, იმდროინდელი 750i-ის V12 ძრავა, მხოლოდ 295 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.