საქართველო, სტატისტიკა
Aa
Aa

საქართველოში საავტომობილო ავარიების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და მან 55,603-ს მიაღწია - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს საავტომობილო ავარიების რაოდენობის მაქსიმალურ ოდენობას წარმოადგენს.

რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მატების მიუხედავად, შემცირების ტენდენცია აქვს ამ შემთხვევების დროს დაშავებულთა რიცხვს და ის გასულ წელს 7,310-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 200-ით ნაკლებია.

2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 2022 წელთან შედარებით 12-ით მეტია, თუმცა უფრო გრძელვადიან ჭრილში, საქართველოში ავტოკატასტროფების მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს.

ავტოსაგზაო შემთხვევების მატება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის ზრდით, რაც ავარიის მონაწილეთა მხრიდან შემთხვევის რეგისტრაციის მოტივაციას ზრდის. ასევე საგზაო შემთხვევების რაოდენობის მატებაზე მოქმედებს ქვეყანაში ავტოპარკის მოცულობის ზრდა. ბოლო 5 წელში საქართველოში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა 391 ათასით გაიზარდა და მან 1.68 მილიონს მიაღწია. ასევე გაზრდილია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო მიზნით გამოყენების მაჩვენებელიც, მაგალითად გასულ წელს საქართველოს გზებით 520 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა, რაც 5 წლიან ჭრილში გაორმაგებას წარმოადგენს. 






წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები