2025 წლის Porsche Taycan Turbo GT ტრასას ანადგურებს
„ეკომეგობრული მხეცი“: ელექტრომობილი 1,000+ ცხენის ძალით
„რა მოხდებოდა თუ ელექტრო სედანიდან ტრეკის მანქანას შევქმნიდით?“ - ამაზე პასუხი Porsche-ს მცირე გუნდმა გაგვცა და ახალი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოთხკარიანი - Turbo GT წარმოგვიდგინა.
Turbo S-ის ბაზაზე აწყობილი Turbo GT-ის საერთო სიმძლავრე, Launch Control-ზე და მომდევნო 10 წამის განმავლობაში, 1,019 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რასაც თავად ავტომწარმოებელი „შეტევის რეჟიმს“ ეძახის. სხვა ყველა შემთხვევაში, 777 ცხენის ძალა გარანტირებულად გაქვთ.
ამას დამატებული განახლებული აეროდინამიკა, ახალი უკანა ფრთით, ფართო ბორბლები და საბურავები, უფრო მცირე წონა. ერთი შეხედვით არაფერი ექსტრემალური, სიმძლავრის მაჩვენებელიც კი, ბევრად არ აღემატება Turbo S-ს, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განახლებები ძალიან განსხვავებულ, სპორტულ ელექტრო სედანს ემატება.
შედეგად, Porsche-ს პატარა გუნდისგან მივიღეთ ელექტრომობილი, რომელიც მისი ყველაზე მსუბუქი ფორმით, 2,270 კილოგრამს იწონის და 1,000 ცხენის ძალაზე მეტს აღწევს. და მიუხედავად მისი მაღალი წარმადობისა და სისწრაფისა, Turbo GT საკმაოდ მარტივი სამართავია. Porsche-ს ოთხკარიანი, ელექტრო სედანის ღირებულება $230 ათასია.
ავტომობილი აღჭურვილია Pirelli P-Zero R-ის საბურავებით, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება ავტომობილის წონას და უზარმაზარ სიმძლავრეს. თუმცა, ალტერნატივად Trofeo RS-ის საბურავების გამოყენებაც შეიძლება, რაც ბევრის შეფასებით, ნამდვილად აცოცხლებს მანქანას. ორივე საბურავზე, ავტომობილი მის რეალურ წონაზე ბევრად მსუბუქად შეიგრძნობა.
სრულად აქტიურია სტანდარტული, Porsche Active Ride-ის დაკიდების სისტემაც. Taycan-ის 800-ვოლტიან ბატარეასთან დაკავშირებისას, სისტემა, საკმაოდ მაღალ მიმჭერ ძალას (1,020 კგ) ძალიან მოკლე დროში გამოიმუშავებს. რაც შეეხება სიჩქარეს Weissach Package-ის ავტომობილი Porsche-ს ინფორმაციით, 2.1 წამში 0-95 კმ/სთ-ს ავითარებს.