Alfa Romeo Giulia GTAm Coupe-ს მოულოდნელი რენდერი
Aa
Aa

Alfa Romeo Giulia GTAm Coupe-ს მოულოდნელი რენდერი

ოცნება ჯერ არავის აუკრძალავს.

$200,000-ის ფასის მქონე Alfa Romeo Giulia GTAm მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სედანია. რადგან ეს სარბოლოდ გამზადებული ვერსიაა, ზოგიერთ კომფორტზე უარის თქმა მოგიწევთ, როგორც Jaguar XE SV Project 8-ის შემთხვევაში ხდება.

GTAm ვერსიაში უკანა სავარძლები უსაფრთხოების კარკასით ჩაანაცვლეს. ისმის კითხვა: რა საჭიროა უკანა კარები? პასუხი კი საკმაოდ მარტივია. „ალფა რომეოს“ ახალი ძარის შემუშავებას კოლოსალური თანხა დასჭირდებოდა და იმის გათვალისწინებით, რომ GTA-ს და GTAm-ის ჯამში მხოლოდ 500 ერთეული იქნება გამოშვებული, ფინანსური თვალსაზრისით კომპანიისთვის წამგებიანი პროექტი იქნებოდა.

ონლაინ სივრცეში Giulia GTAm კუპეს ვერსიის 3D რენდერის ფოტოები გავრცელდა. სედანისგან მას მხოლოდ უკანა კარების არქონა და სახურავის შეცვლილი ფორმა ასხვავებს. ამ ფორმით BMW M4 GTS-ის პირდაპირ კონკურენტად ჩაითვლებოდა. რაც არ უნდა ლამაზი ნამუშევარი იყოს, ეს მხოლოდ ავტოენთუზიასტების ოცნებად დარჩება, რადგან „ალფა რომეო“ სპორტული სედანის კუპეს ვერსიის გამოშვებას არ აპირებს.

რადგან „ალფა რომეოს“ კუპეს თემატიკას შევეხეთ, აქვე შეგახსენებთ, რომ, სამწუხაროდ, ახლო მომავალში ამ იტალიური ავტომწარმოებლისგან ვერანაირ კუპეს ვერ ვიხილავთ, რადგან ახალი 8C-ის და GTV-ის პროექტები გააუქმეს. შუაძრავიანი 4C, ბაზარზე მოთხოვნის კლების გამო, ახლო მომავალში დაგვტოვებს და ამ წლის ბოლოს უკვე დაძველებული Giulietta-ს ჰეჩბეკის წარმოებას წყვეტენ. „ალფა“ ბაზრის ტენდენციებს ხვდება და ამიტომ სუვის სეგმენტის განვითარებას ცდილობს და 2021 წელს Stelvio-ს უფრო პატარა ზომის Tonale შეუერთდება, ხოლო 2022 წელს სუბ-კომპაქტური კროსოვერის წარდგენას აპირებს.

ყველა „ალფას“ მოყვარული ახალ კუპეს ელოდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მცირე იქნება და მოდელის შემუშავება-წარმოების ხარჯს ვერ გაამართლებს. მოთხოვნა ფასზეა დამოკიდებული და თუ Giulia GTAm-ის ფასი €180,000-ს აღწევს, კუპე უფრო ძვირი იქნება და დიდი რაოდენობით ვერ გაიყიდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ორკარიან Giulia-სა და მის სარბოლო ვერსიებზე ოცნებას არ შევწყვეტთ.

იდეალურ შემთხვევაში Stelvio მომავალ 2 სუვთან ერთად, ახალ კლიენტებს მოიყვანს. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს ახალი, საინტერესო პროექტები დააფინანსოს და ისეთი ავტომობილები გამოუშვან, რომელიც ბრენდის მთავარ ღირებულებებს გაყვება. ზუსტად ამ პრაქტიკას უკვე რამდენიმე წელია „პორშე“ წარმატებით იყენებს. კომპანიის ყველაზე გაყიდვადმა მოდელებმა Porsche Macan-მა და Cayenne-მა კომპანიას სპორტული, დაბალტირაჟიანი ავტომობილების გამოშვების შესაძლებლობა მისცა.

მსგავსი სიახლეები