რამდენად სწრაფად შეიძლება აალდეს სარბოლო ავტომობილი
სარბოლო ავტომობილში მხიარულება ტრაგედიად რამდენიმე წამში შეიძლება გადაიქცეს.
CrystalAuto-ს პორტალზე ხშირად გადააწყდებით ვიდეოებს თუ სტატიებს, სადაც ჩანს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ავტორბოლა. ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებით. შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. Formula Drift-ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ „დრიფტერს“ ავტომობილში გულსემატკივარი ჩაუჯდა. უცებ კი ეს სიხარული ძალზედ საშიშ ინციდენტად იქცა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და წამებში აალდა. საბედნიეროდ, ყველა უვნებლად გადარჩა.
ქვემოთ მიბმული „გადარჩენის“ ვიდეო კევინ დარვიშმა იუთუბზე ატვირთა. ის ჯეიმს დინის გვერდით Mustang RTR-ის „დრიფტქარში“ ზის. ორივე ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებას სასწაულად გადაურჩა.
ყველაფერი მშვიდად დაიწყო. დინმა რამდენიმე „დონატი“ მოხაზა. შემდეგ კი მაღალსიჩქარიანი მონაკვეთის დაფარვა გადაწყვიტა. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ კი კაპოტიდან დიდი რაოდენობით კვამლი ამოვიდა, რაც წამის მეასედებში ცეცხლად იქცა. ამ მომენტიდან 5 წამიც არ იყო გასული, როცა ცეცხლმა სალონშიც შეაღწია. დინმა და დარვიშმა უსაფრთხოების ღვედები სწრაფად შეიხსნეს და ავტომობილიდან გადმოხტნენ.
ცეცხლის გაჩენისთანავე, მრბოლელმა ცეცხლმაქრის სისტემის ღილაკს მიაჭირა ხელი, თუმცა, ამაოდ. ცეცხლი უფრო გაძლიერდა და ძრავის განყოფილებიდან სალონში შემოაღწია. ავტომობილის გადარჩენა შეუძლებელი იყო. თუმცა, ვინ ჩივის? მთავარია, რომ ადამიანები გადარჩნენ.
ინციდენტის შემდეგ Mustang RTR-ის კადრები გავრცელდა. მანქანას ძრავის განყოფილება აქვს დამწვარი. V8 ძრავა ნახშირადაა ქცეული. რა გახდა აალების მიზეზი უცნობია.