რა ემართება ძრავას თუ მასში ზედმეტ ზეთს ჩავასხამთ
ზეთი რძის კოქტეილს არ უნდა ჰგავდეს.
შიგაწვის ძრავას დეტალების შესაზეთად და ძრავის გასაგრილებლად ზეთი სჭირდება. ეს ინფორმაცია ავტომოყვარულებისთვის ახალი არ არის. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც ძრავაში იმაზე მეტ ზეთს ჩავასხამთ, ვიდრე საჭიროა? ზედმეტი რამდენიმე გრამი მუხლა ლილვს და აალების სანთლებს არ დააზიანებს, მაგრამ რეკომენდებულზე ორჯერ და სამჯერ მეტი ზეთის ჩასხმა, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ეს შესაზეთი საშუალების ეფექტურობასაც შეუშლის ხელს. ამის ასაგებად Garage 54-მა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის სადემონსტრაციო ვიდეო YouTube-ის არხზეა ატვირთული. CrystalAuto-ს მკითხველებს კი კადრების ნახვა ქვემოთ მიბმულ ვიდეოში შეუძლიათ.
როგორც ექსპერიმენტიდან ვიგებთ, თუ ძრავაში რეკომენდებულზე ორჯერ მეტ ზეთს ჩავასხამთ, ლილვისა და ბარბაცას შორის საკმარისი ადგილი არ რჩება, რათა ზედმეტმა ზეთმა იმოძრაოს. ამ დროს მცირე პრობლემები იჩენს თავს, თუმცა, ძრავა მაინც მუშაობს. Garage 54 კი ყოველთვის კრიტიკულ ზღვარს ზომავს.
სერიოზული ხარვეზები მაშინ გამოვლინდა, როდესაც ძრავაში ჩასხმული ზეთის რაოდენობამ მუხლა ლილვს მიაღწია. ძრავის დატრიალების შემდეგ ზეთი გასქელდა და რძის კოქტეილის მსგავს სითხედ იქცა. ასეთ მდგომარეობაში ის შეზეთვისა და გაგრილების ფუნქციას კარგავს.
ბევრი ზეთის დამატებამ უფრო მეტი აქაფება და ბუშტები წარმოშვა. საბოლოოდ კი ძრავაში იმდენად ბევრი სითხე აღმოჩნდა, რომ კარტერის სავენტილაციო მილიდან გამოჟონა.
საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ძრავის ზეთით გადავსება წნევის დაცემას და აგრეგატის შიდა დეტალების ნაკლებ შეზეთვას იწვევს. ასე კომპონენტები ცვდება და ოპტიმალურად მუშაობას წყვეტს. ბევრი ზეთი ძრავის გადახურებასაც აუცილებლად გამოიწვევს, რადგან ასე სითხე გამაგრილებელ თვისებას კარგავს.
ზეთი ძრავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ. მიაქციეთ ყურადღება სად, რა და რამდენ ზეთს ასხამთ.