ილონ მასკი, Tesla, Cybertruck, დეფექტი
Aa
Aa

Cybertruck-ის მიწოდება გაჩერდა - ახალი დეფექტი

Cybertruck-ის აჩქარების სატერფული იჭედება, რაც განუზრახველ აქსელერაციას იწვევს.

Tesla-მ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ავტომობილის სერიულად გამოშვება დაიწყო. შედეგად, დაწყებულია მათი მიწოდებაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს „საიბერთრაქის“ ეგზემპლარები ჩაუვარდათ, Tesla-ზე ინტერნეტსივრცეში ბევრი უკმაყოფილო ადამიანი წერს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა აჩქარების სატერფულს უკავშირდება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი Cybertruck-ის მფლობელთა კლუბში მიწოდების გადავადებაზე დაიწყეს საუბარი. კერძოდ, 12 აპრილის შემდეგ ერთ-ერთმა მყიდველმა განაცხადა, რომ ავტომობილის მიწოდება მისი გადაცემის დღეს, რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.

Tesla-ს წერილში გადადებასთან დაკავშირებული კონკრეტული მიზეზი არ არის დაფიქსირებული. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს ყოველივე აქსელერატორის სატერფულის დეფექტს უკავშირდება.

ზემოთ მიბმული ვიდეო „საიბერთრაქის“ ერთ-ერთმა მფლობელმა გაასაჯაროვა. ვიდეოში ყველაფერი ნათლად ჩანს. ლამაზი ფოლადის ხუფი სატერფულს ძვრება და ხალიჩასთან იჭედება. შედეგად, 800-ცხენისძალიანი ავტომობილი განუზრახველად ჩქარდება. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ასეთი დიდი ავტომობილი სიჩქარეს კრეფს და თქვენ ვერაფერს აკეთებთ.

საბედნიეროდ, ზემოთ მიბმული ვიდეოს ავტორი ინციდენტისას არ დაბნეულა და ავტომობილი გაჩერება შეძლო. თუმცა, ეს ყველასთვის გამაფრთხილებელი შემთხვევა უნდა იყოს.

Cybertruckის დეფექტებთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში ბევრი ვიდეო ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთმა მფლობელმა ატვირთა ვიდეო, სადაც ავტომობილის აქსელერატორზე ფეხს ბოლომდე ადგამს და ავტომობილი ვერ ჩქარდება.

როგორ ფიქრობთ, დახვეწავს Tesla წარმოებას? ნორმალურია თუ არა ასეთი შემთხვევები უკვე მიწოდებულ ავტომობილებზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები