BMW, ელექტრო, Tesla, Cybertruck, The Icon
Aa
Aa

The Icon: BMW-ის მომავლის იახტა აუქციონზე იყიდება

BMW-ისა და ნავების გერმანული მწარმოებლის Tyde-ის პარტნიორობით შექმნილი „მომავლის ნავი“, სახელად The Icon, პირველად გასულ წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიხილეთ. ნავი, რომელიც სხვა ნებისმიერი ძვირად ღირებული იახტისგან გამოირჩევა, ელექტროა და გარეგნულად თითქოს Tesla-ს Cybertruck-საც მოგვაგონებს.


ნავის დიზაინი BMW-ის შვილობილ კომპანია Designworks-ს ეკუთვნის. The Icon-ი ტალღების მინიმალური რაოდენობის წარმოქმნით გადაადგილდება, რასაც მისი წყალქვეშა ფრთები უზრუნველყოფს. მათი დახმარებით, მოძრაობის დროს ნავი მაღლა იწევა. მსგავსი ტიპის მოწყობა ენერგიის მოხმარებას 80%-ით ამცირებს. ელექტრონავი BMW i3-ის ექვსი ბატარეითაა აღჭურვილი, რომელთაგან თითოეულის მოცულობა 40 კილოვატ/საათია (ჯამში 240 კვტ/სთ).

ნავის ექსტერიერი თითქმის სრულად მინაშია გადაწყვეტილი, რაც მგზავრებისთვის ჰაეროვან და მსუბუქ გარემოს ქმნის. გერმანულმა ავტომწარმოებელმა The Icon-ი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოუშა. ნავი სრულად ფუნქციონირებს და ახლა უკვე ახალ მფლობელსაც ელოდება, რომლის ვინაობაც ცნობილი აუქციონის შემდეგ გახდება.

Icon-ს ორი, 134-ცხენისძალიანი ელექტრო აგრეგატი და როგორც გითხარით, BMW i3-ის ექვსი ბატარეა აქვს. BMW-ის ელექტრონავის გადასაადგილებელი სიჩქარე 45კმ/სთ-ია, მაქსიმუმ კი 50კმ/სთ-ს აღწევს. გადასაადგილებელი ანუ ე.წ. „საკრუიზო სიჩქარით“ Icon-ის სვლის მარაგი 50 საზღვაო მილს (92 კილომეტრი) აღემატება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კაპიტანს ხომალდის მართვაში 32-დიუმიანი სენსორული ეკრანი ეხმარება, რომელიც სამართავი სადგურის ცენტრშია მოთავსებული. ოპერაციული სისტემა BMW-ის iDrive-ის ანალოგია. სისტემაში ინტეგრირებულია ხმოვანი კონტროლიც. გარდა ამისა, BMW-იმ თავის მომავლის იახტაში Dolby Atmos-ის ხმის სისტემაც დააინსტალირა. მართვის სისტემის ხმოვან გაფორმებებზე კი, ოსკაროსანმა ჰანს ციმერმა იმუშავა. 

მსგავსი სიახლეები