CyberTears: სატვირთომ Tesla-ს ელექტროპიკაპი შეიწირა
Cybertruck-ის უხეში გარეგნობა შესაძლოა ბევრს შიშის ზარს სცემდეს, თუმცა, მგონი დღეიდან Tesla-ს პიკაპს სხვა სატვირთოების უფრო მეტად უნდა ეშინოდეს. სოციალურ მედიაში ახალი ვიდეო გავრცელდა, რომელიც კომპანიის რეპუტაციაზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებს. განსაკუთრებით კი თუ ბოლო პერიოდში Cybertruck-ით მომხმარებელთა უკმაყოფილების არაერთ შემთხვევასაც გავიხსენებთ.
სადგურზე მომხდარ ინციდენტს ორი მთავარი გმირი ჰყავს: Cybertruck-ი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო, რომლის მძღოლმაც ჯერ მხოლოდ „გაუსვა“ იქვე დაპარკინგებულ Tesla-ს პიკაპს, შემდეგ კი მანქანა უკან დაძრა და აქ უკვე ავტომობილი შესამჩნევადაც „შეალამაზა“. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შემთხვევას მალევე შესაფერი სათაური მოუძებნეს და პლატფორმებზე ვიდეო „CyberTears”-ის სახელით გაავრცელეს.
Cybertruck-ის მფლობელის განცხადებით, ის ამ ტერიტორიას მანქანების დასატენად უკვე წლებია რაც იყენებს. Tesla-ს პიკაპი კი სულ რამდენიმე კვირის წინაა შეძენილი. პირველი მიჯახების შედეგად, Cybertruck-ი უკანა კედლის კარებში ნახევრად ჩაიჭედა, რის გამოც, დამხმარე ეკიპაჟის გარეშე, პიკაპის ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა.
მანქანის გათავისუფლების ერთადერთი გზა სატვირთოს უკან გამოსვლა იყო, თუმცა, ამან Cybertruck-ისთვის პირველ შეჯახებაზე დიდი ზიანი მოიტანა. საქარე მინა და მგზავრის მხარეს არსებული ფანჯარა სრულად დაიმსხვრა, წინა ბორბლების შემობრუნებამ კი შესაძლოა დამატებითი დაზიანებებიც გამოიწვიოს.
შეჯახების მიუხედავად საკმაოდ კარგად გამოიყურება ფოლადის. თუმცა, დამტვრეულია უკანა ბამპერი და ფრთის სარკეც მთლიანადაა ჩამოგლეჯილი. საინტერესოა რამდენი დრო დასჭირდება Tesla-ს მისი პიკაპის შესაკეთებლად. ამას კი ნამდვილად გავიგებთ რადგან მფლობელი სარემონტო სამუშაოების სრულად ჩაწერის პირობას დებს.
ვნახოთ, შეკეების პროცესის შემდეგ, გაიზრდება თუ არა Tesla-ს უკმაყოფილო მომხმარებელთა რიცხვი კიდევ ერთი ადამიანით. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში Cybertruck-ის დეფექტებზე Tesla-თან მომხმარებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად მომატებულია. სულ რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ პიკაპების მიწოდებაც შეაჩერა, მიზეზად კი სატერფულის გაუმართაობა დასახელდა, რაც განუზრახველ აქსელერაციას იწვევდა.