BMW ავტომობილებისთვის დაბადების მოწმობებს გასცემს
თუ ბევრი ავტომოყვარულის მსგავსად მანქანა თქვენთვისაც ღვიძლი შვილივითაა, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს. BMW-ში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ თქვენი კლასიკური ავტომობილები შვილის სტატუსის გაოფიციალურებას იმსახურებს.
შედეგად, უკვე შეგიძლიათ თქვენი კლასიკური BMW-ებისთვის „დაბადების მოწმობა“ აიღოთ - ციფრული დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ როდის და რა მდგომარეობაში დატოვა ავტომობილმა საწარმოო ქარხანა. „დაბადების მოწმობა“, რომელიც „სატრანსპორტო საშუალების მოწმობის“ ანალოგია, 125 ევრო ეღირება.
„სატრანსპორტო საშუალებების მოწმობებს“ BMW Group Classic-ი თავისი ავტომობილის მფლობელებზე ადრეც გასცემდა. თუმცა, ახალი დოკუმენტი ფიზიკური ქაღალდიდან სრულად ციფრულ ვერსიად გადაიქცა, რასაც ავტომოყვარულთა გარკვეული ნაწილის განაწყენებაც მოჰყვა.
BMW-ის მფლობელთა ნაწილი იმედგაცრუებულია, რადგან მათი კლასიკური ავტომობილის ორიგინალი დოკუმენტის გამოფენებზე გატანას ან თუნდაც ავტოფარეხში დაკიდებას ვეღარ შეძლებს. თუმცა, თავად გერმანული ავტომწარმოებელი ამტკიცებს, რომ ციფრული ვერსიებით საგრძნობლად გაგიმარტივდებათ სერტიფიკატის მიღება და მანქანების გადაზიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც თავიდან აიცილებთ.
დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად მასზე დატანილი იქნება ციფრული ხელმოწერა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ავთენტურობის გარანტიას ვერ იძლევა და „დაბადების მოწმობა“ არც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი „სუფთა სისხლის“ იქნება.
თუმცა, თქვენ ავტომობილზე გაცემულ მოწმობაში წარმოდგენილი იქნება ოფიციალური მონაცემებით, თუ როდის და რა მდგომარეობაში დატოვა BMW-მ საწარმოო ქარხანა. მათ შორის, BMW-ის „დაბადების მოწმობა“ შემდეგი ტიპის ინფორმაციას შეიცავს: შასის და ძრავის ნომერი, წარმოების თარიღი და მიწოდების თარიღი.