Porsche 993 Turbo ხიდიდან პირდაპირ მდინარეში აღმოჩნდა
Porsche 993-ის სერია - ერთ-ერთი პირველი სრულად ამძრავი, ამავდროულად კი ბოლო ჰაერით გაგრილებადი 911 Turbo - წესით, გზებზე გადასაადგილებლად ბევრად უფრო უსაფრთხო უნდა იყოს. თუმცა მანქანამ, რომელიც 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, გერმანიაში სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა.
კერძოდ კი გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში Porsche 993 Turbo ხიდიდან, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ მდინარეში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, წყალი ღრმა არ იყო და მანქანაც ნახევრად წყლის ზედაპირზე დარჩა, მაგრამ, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გადავარდნამდე ვერცხლისფერ 993 Turbo-ს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია: ჯერ კონტროლი დაკარგა, შემდეგ ჯებირს დაეჯახა და ბოლოს წყალშიც აღმოჩნდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მის იერსახეზეც აისახა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში 26 პირი იყო ჩართული, დამატებით საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახებაც. Porsche-ს 81 წლის მძღოლი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც სურათებიდანაც ჩანს ავარიის შედეგად 911-ის სახურავი უკვე დაზიანებული იყო, რასაც ამწის საშუალებით ამოყვანის შემდგომი დაზიანებებიც დაემატა.
ვარდნის სიმძიმეს თუ გავითვალისწინებთ, შემთხვევას უვნებლად ვერც მანქანის პანელები გადაურჩებოდა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მძღოლის კარი და კაპოტი. მანქანის სტრუქტურულ დაზიანებებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ავტომობილს შესაკეთებელი მხოლოდ ექსტერიერი არ ექნება, საკმაოდ მაღალია.
თუმცა, 993 Turbo-ს ღირებულება იმის იმედსაც იძლევა, რომ მანქანას შეაკეთებენ და ტრასაზე კვლავ დაბრუნდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, კარგად შენახული 993-ის მოდელების ფასი $200 ათას აღემატება.
უცნაურია ისიც, რომ ამ კვირაში ეს უკვე მეორე 911-ია, რომელიც მდინარის ცივ წყლებში აღმოჩნდა. მეორე შემთხვევა აშშ-ში მოხდა, ვაშინგტონის შტატში, სადაც სრულიად ახალი 911 GT3 RS-ი გზიდან გადავარდნის შემდეგ წყალში მთლიანად ჩაიძირა.