ყველაზე გამძლე: 6x6 TAC-6 ყველაზე მხეცური Land Cruiser 79-ია
Armormax-ის განცხადებით, მიუხედავად დაუნდობელი ტესტირებისა, მათ მიერ მოდიფიცირებულ მანქანას მექანიკური ხარვეზი არ ჰქონია.
სურათებზე TAC-6-ს ხედავთ. ეს Toyota Land Cruiser 79 სერიის ექსტრემალურად მოდიფიცირებული ვერსიაა. მის გაუმჯობესებაზე სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ Armormax Defence-მა იმუშავა და ის შესაძლოა ყველაზე გამძლე Land Cruiser 79 იყო ჩვენს პლანეტაზე. მისი გამოყენება კი როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებითაც შეიძლება.
Armormax-ს საფრანგეთის სპეციალურმა ძალებმა ისეთი ავტომობილი შეუკვეთა, რომელიც ნებისმიერ გარემოს გაუმკლავდებოდა და, ამავდროულად, სამხედრო პერსონალის განსაკუთრებული გადამზადებაც არ დასჭირდებოდა. ამ მიზნისთვის TAC-6-მა ეს ავტომობილი წარმოგვიდგინა. მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ „ნებისმიერ გარემოში გადაადგილება იმდენჯერ შეძლოს, რამდენჯერაც საჭირო იქნება.“ 6-ბორბლიანმა ყველა ტესტირება ისე გაიარა, რომ მანქანას ერთი მექანიკური ხარვეზიც არ ჰქონია.
ამ ავტომობილის შეძენა 4.2-ლიტრიანი V6-ით ან 4.5-ლიტრიანი V8 ძრავით არის შესაძლებელი. მესამე ღერძის დამატებისთვის შასია დაგრძელებული. ასევე, დამატებულია სარიგებელი კოლოფი. იმისათვის, რომ ძრავამ ექვსივე ბორბალი დაატრიალოს, სპეციალურადაა დამზადებული ამძრავი ლილვიც.
TAC-6-ის წარმოება Armormax-მა მექანიკური კოლოფით დააანონსა, თუმცა, წარმოება გადაიდო. მოგვიანებით კი ინჟინრებმა მანქანის ავტომატური კოლოფით აღჭურვა გადაწყვიტეს.
ეს ჩვეულებრივი ტრანსმისია არ გეგონოთ. ის ZF-მა სპეციალურად TAC-6-ისთვის შექმნა. კოლოფი მძიმე დატვირთვებს და 1 000 ნიუტონ მეტრს უძლებს. 8-სიჩქარიან კოლოფს სპეციალური გაგრილებაც აქვს.
მყიდველებს Land Cruiser-ის შეძენა B6 დონის ჯავშნით შეუძლიათ. ამ სტანდარტის მიხედვით, ჯავშანმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს უნდა გაუძლოს. ასევე, მანქანაზე შესაძლებელია ტყვიამფრქვევის დამონტაჟება, წყლის რეზერვუარის განთავსება, ან, მსპეციალური დიზაინით, 28 ადამიანის ტრანსპორტირება. TAC-6-ს გაუმჯობესებული აქვს დისკებიც და მუხრუჭებიც.
Armormax-მა მანქანა საწვავის ორი ავზით აღჭურვა, რაც ჯამში 300 ლიტრ საწვავს იტევს. ავზის სრულად გავსების შემთხვევაში მანქანა 2 000 კმ-ს ფარავს.
გასაგები მიზეზების გამო, ამ მხეცი ავტომობილის ფასი საკმაოდ მაღალია. სტანდარტული TAC-6-81 500$ ღირს, ხოლო თუ შეჯავშნულ მოდელს ამჯობინებთ, მაშინ 67 850$-ის დამატება მოგიწევთ.