ილონ მასკი, ელექტრო, Tesla, ელექტრომობილი
Aa
Aa

Tesla თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას განაგრძობს

ზედიზედ უკვე მეოთხე კვირაა, რაც ელექტრომობილების მწარმოებელი თანამშრომლებს ათავისუფლებს.

Tesla-სგან თანამშრომლობის შეწყვეტის წერილებს ყოველკვირეულად კიდევ უფრო მეტი ადამიანი იღებს. სამსახურიდან გათავისუფლებების სერია ამერიკულ კომპანიაში ზედიზედ უკვე მეოთხე კვირაა რაც გრძელდება, დარჩენილი თანამშრომლები კი, სამსახურის დაკარგვის ზღვარზე არიან.  

გათავისუფლებების კიდევ ერთი რაუნდი, როგორც ჩანს, კვირას ღამით დაიწყო. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ LinkedIn-ზე მალევე გაჩნდა პოსტებიც: მათ შორის იყო UX-დიზაინერი ჩერილ კაი, რომელიც Tesla-მდე Apple-ში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარ თავს „მარადიული ოპტიმისტი“ უწოდა, კაი საუბრობდა გარდაუვალი განწირულობის განცდაზე, რომელიც მას, გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაეუფლა.

„აპრილის შუა რიცხვებიდან ვუყურებდი, თუ როგორ მცირდებოდა თანდათანობით ჩემი გუნდი. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, მეც მივიღე საშინელი მეილი და გათავისუფლების სტატისტიკის ნაწილი გავხდი“, - წერს LinkedIn-ზე ჩერილ კაი.

თავდაპირველად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, გათავისუფლებების მიზეზად „როლებისა და სამუშაო ფუნქციების დუბლირება“ დაასახელა. თუმცა, მას შემდეგ, კომპანიის Supercharger-ის გუნდი სრულად გაათავისუფლეს, დასაქმებულებმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მათივე ბარათებით სამუშაო ოფისებში შესვლა ვერ მოახერხეს.

Tesla-ს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში მათ მუდმივად სამსახურის დაკარგვის შიშში უწევთ მუშაობა. და ელოდებიან საბოლოო მეილს, სადაც ილონი ეტყვის მათ, რომ გათავისუფლებების სერია საბოლოოდ დასრულებულია.

ამავე პერიოდში, Tesla მინიმუმ ექვსმა აღმასრულებელმაც დატოვა. მათ შორის იყო დრიუ ბალგინო, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საკითხებში, როჰან პატელი, ვიცე-პრეზიდენტი საჯარო პოლიტიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში და ალი არებალო, HR-ხელმძღვანელი.

წლის რთული დასაწყისის შემდეგ, Tesla ხარჯების შემცირებისთვის აქტიურად მუშაობს. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასები წელს 26%-ით შემცირდა. მიზეზი მზარდი კონკურენციაა, რომელიც ჩინეთსა და სხვა ბაზრებზე ამერიკული კომპანიის დომინირებას ხელს უშლის.

 

მსგავსი სიახლეები