როდესაც ორივე მხარე „დამნაშავეა“: Challenger-ისა და Civic-ის მძიმე ავარია
ინტერნეტში კანადაში მომხდარი მძიმე ავარიის კადრები გავრცელდა. სწრაფად მომავალმა Dodge Challenger-მა მოძრავი Honda Civic-ი ხეს შეაჯახა, თავად კი ხესთან „შესკდომას“ ბეწვზე გადაურჩა. შეჯახების შედეგად, Civic-ში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ავარიას კი, მოსახლეობასა და Dodge-ის მძღოლს შორის შელაპარაკებაც მოჰყვა.
შემთხვევა კანადის ერთ-ერთ პროვინციაში დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. როგორც უსაფრთხოების კამერებიდან ჩანს, მეცხრე თაობის Civic-ი გზაზე შემობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც სწრაფად მომავალი Challenger-ი საბარგულზე დაეჯახა. შედეგად, კომპაქტური მანქანა 360 გრადუსით დატრიალდა და ბოლოს, ხესთან ძლიერი შეჯახების შედეგად გაჩერდა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ავარიის შემდეგ Civic-ში მყოფი ქალი და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი გადარჩენაც მოხერხდა. Dodge-ის მგზავრებს დაზიანება არ მიუღიათ, თუმცა უვნებლად ვერ გადარჩა მათი ამერიკული მანქანა. ავარიის შემდგომ ვიდეოში ვხედავთ Challenger-ს, რომელსაც ერთ-ერთი ბორბალი მოწყვეტილი აქვს, ბამპერის ნაწილი დამტვრეულია და ბუჩქებშია შევარდნილი.
უვნებლად გადარჩენის მიუხედავად, Challenger-ის მგზავრებს უკვე სამეზობლოში დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ამტკიცებდნენ, რომ შეჯახების მიზეზი სწორედ Dodge-ის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მძღოლი არ იცავდა ტრასაზე დაწესებულ სიჩქარის შეზღუდვას - 40 კმ/სთ.
სამართალდამცავებმა ინციდენტის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის მაღალი სიჩქარე დაასახელეს. ავარიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას კი Civic-ის მძღოლის მიერ „შეუსაბამო ადგილას“ მანქანის მობრუნებაც ახსენეს.