რამდენი მძღოლი დაჯარიმდა ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობისთვის
საქართველოს გზებზე ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა. კანონის მიხედვით, მძღოლს ეს ვალდებულება დეკემბრიდან-თებერვლის ჩათვლით აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს ორი თვის განმავლობაში (კანონი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა) ჯამში 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, ერთი კახეთის რეგიონში, დანარჩენი 17 კი მცხეთა-მთიანეთში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
ზამთრის საბურავებით მანქანის აღჭურვა სავალდებულო არაა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და წესები გზის რამდენიმე ათეულ მონაკვეთზე ვრცელდება.
წყარო: bpn.ge