Aa Aa
13 მაისი 2024  |  13:13

ჯეი ქეის 3.5-ლიტრიანი BMW CSL-ი აუქციონზე იყიდება

ძველი BMW, რომელიც ერთ დროს, ბრიტანული ფანკ-ჯგუფის, Jamiroquai-ის სოლისტს ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდება. გერმანული ავტომწარმოებლის 3.5-ლიტრიანი CSL, რომელიც 1973 წელსაა გამოსული ჯეი ქეის მფლობელობაში იყო.

1970-იანებში გამოშვებული BMW, უბრალოდ ერთ-ერთი ძველი ავტომობილი არაა. 3.5-ლიტრიანი CSL-ი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოთხოვნებს. თუმცა, თავდაპირველად ის მხოლოდ რეგულარული, 3.0-ლიტრიანი „E9“ CS საგზაო მანქანა იყო, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ტიმ ბასბიმ, გარკვეულწილად, სარბოლო მანქანად გადააკეთა.



აუქციონის სახლ Iconic Auctioneers-ის თანახმად, მომდევნო 35 წლის განმავლობაში, CSL-ით ბასბის ანგარიშზე მრავალი შედეგიანი რბოლა დაგროვდა. „ბეტმობილი“ შემდგომში Iconic Auctioneers-ის მფლობელმა, ნიკ უეილმა შეიძინა, რომელმაც იან გესტთან ერთად, მანქანის სარბოლო ისტორია გააგრძელა. ახალ მფლობელთან ერთად ავტომობილი ევროპის სხვადასხვა ცნობილ ტრასაზე, მათ შორის Monza-ზე, Silverstone-სა და Spa-ზე გამოჩნდა.

დამატებით რამდენიმე სეზონი CSL-მა უკვე ალან თაისთან ერთად იასპარეზა, საბოლოოდ კი, 2013 წელს, ჯეი ქეის საკუთრებაშიც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მუსიკოსმა ავტომობილის მექანიკურ გაუმჯობესებაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო და CSL-ი Silverstone-ზეც გამოცადა.



ოთხი წლის შემდეგ, ავტომობილი უკვე ამჟამინდელმა მფლობელმა შეიძინა, 6-ციფრიანი თანხაც დაახარჯა და CSL-ი „ისტორიული ავტოსპორტის თანამედროვე სტანდარტებს“ დაუახლოვა. FIA-სგან ავტომობილზე გაცემული აკრედიტაციის ოფიციალური დოკუმენტები, 2027 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

Iconic Auctioneers-ის ინფორმაციით, „ბეტმობილი“ აუქციონზე მიმდინარე წლის 18 მაისს გამოჩნდება. 1973 წლის BMW CSL-ის საორიენტაციო ფასი £160,000-დან £180,000-მდე იქნება.  

გაზიარება: