Bugatti-ის ახალი V16 ძრავა სიგრძეში 1 მეტრია და ატმოსფერულია
Bugatti თავისი საკულტო W16-ის წარმოების შეწყვეტას აპირებს. თუმცა, არ იდარდოთ, 33 წლის შემდეგ, მწარმოებელმა ახალი V16-ის შექმნა გადაწყვიტა. ამ მასიური ძრავით აღჭურვილ ახალ „ჰიპერავტომობილს“ ივნისში ვიხილავთ. იქამდე კი 16-ცილინდრიან აგრეგატთან დაკავშირებით ახალი დეტალები გავრცელდა.
Bugatti-Rimac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მათე რიმაცმა ინფორმაცია ლონდონის კონფერენციაზე, „ავტომობილების მომავლის სამიტზე“ გაავრცელა. 36 წლის ხორვატიელმა ინჟინერმა მსოფლიოს V16 აგრეგატის შესახებ ამცნო, რომელსაც ტურბინის მხარდაჭერა არ ექნება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება Chiron-ის, Veyron-ისა და EB110-ის ძრავების შემდეგ. ყველა ზემო ჩამოთვლილი 4 ტურბინით იყო აღჭურვილი.
Rimac Group-ის დამფუძნებელი Bugatti Rimac-ის 55%-იანი წილის მფლობელია. მისი განცხადებიდან ისიც გავიგეთ, რომ ახალი ძრავა სიგრძეში თითქმის 1 მეტრია (99.8 სმ). შედარებისთვის გეტყვით, რომ ის W16-ზე 40 სანტიმეტრით გრძელია. მისი წარმოება მაშინ დასრულდება, როდესაც Mistral „როდსტერისა“ და Bolide-ის მიწოდებები დასრულდება. დადასტურდა ისიც, რომ ახალი ძრავა ჰიბრიდიზირებული იქნება (თუ ეს სიტყვა არასდროს გაგიგიათ, გახსოვდეთ, რომ პირველად ჩვენგან გაიგეთ).
ეს დადასტურებული ინფორმაციებია. თუმცა, არსებობს სპეკულაციებიც. კერძოდ, გერმანული ჟურნალი Auto Motor und Sport-ის მტკიცებით, ახალი V16 აგრეგატი 8.3-ლიტრიანია და Cosworth-ის მიერაა შექმნილი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ძრავის მაქსიმალური ბრუნი 9 000-ია და სამ ელექტრო ძრავასთან ერთად მუშაობს. ჯამში სისტემა 1 800 ცხენის ძალას უნდა უყრიდეს თავს, საიდანაც 1 000 ცხენის ძალა შიგაწვიძრავაზე უნდა მოვიდეს.
ორი ელექტრო ძრავიდან წამოსული სიმძლავრე წინა ბორბლებს დაატრიალებს. დარჩენილი ერთი კი - უკანას. გადაცემათა კოლოფს ორმაგი ქურო და 8 სიჩქარე ექნება. 24.8 კილოვატსაათიანი ბატარეა, ავტომობილს 55 კილომეტრის უხმაუროდ (მხოლოდ ელექტრო ძრავით) დაფარვაში დაეხმარება.
Bugatti Chiron-ის ჩამნაცვლებელმა 100 კმ/სთ ორ წამში უნდა განავითაროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 445 კმ/სთ-ით უნდა განისაზღვროს. თუ ეს ინფორმაცია სანდოა, მაშინ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ავტომობილი 250 ეგზემპლარად გამოვა. შედარებისთვის, Veyron-ის 450, ხოლო Chiron-ის 500 ერთეულია გამოშვებული.
როგორ ფიქრობთ, გამართლდება ეს სპეკულაციები? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.