F1-ის ფილმში ბრედ პიტი მიიღებს მონაწილეობას
Hollywood-ში ძვირად ღირებული ფილმები უკვე აღარავის უკვირს, თუმცა, La La Land-ის გადასაღებად ჩადებული $400 მილიონიც კი, კინოსტუდიისთვის სარისკო გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. ამ მხრივ, უფრო მეტად წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ ახალი ნამუშევარი, რომელიც „ფორმულა 1“-ის სიუჟეტზეა, ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფილმების ათეულში გვხვდება.
ამ დროისთვის უსათაურო ფილმი, Apple-ის პროდიუსერობითა და მთავარ როლში, ბრედ პიტის მონაწილეობით გამოვა. პიტი ვეტერანი პილოტის როლს ასრულებს, რომელსაც ახალგაზრდა ფენომენის აღსაზრდელად სპორტში დაბრუნებას სთხოვენ. ფილმის პროდიუსერი ჯოზეფ კოსინკია, რომელმაც ბოლოს Top Gun: Maverick-ზე იმუშავა.
მომავალი ფილმისთვის, პიტი ნამდვილი სარბოლო მანქანის საჭესთან დააჯდა, თუმცა ეს F1-ის მანქანა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ F2-ის სარბოლო ავტომობილი მოდიფიცირებულია, მსახიობებს დამატებითი ტრენინგები, დაზღვევა და მანქანის მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მაინც დასჭირდათ, რამაც, Screen Rant-ის მონაცემებით, ფილმის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდა.
თუმცა, ფილმის ბიუჯეტის ზრდის მიზეზი მხოლოდ ეს არ გამხდარა. გადაღება 2023 წლის ივლისში დაიწყო, სულ რამდენიმე დღით ადრე სანამ „ჰოლივუდში“ სცენარისტები და მსახიობები გაიფიცებოდნენ. პროტესტი 118 დღის განმავლობაში გაგრძელდა, კინოინდუსტრიაში კი გადავადებები ძვირად უჯდებათ ხოლმე.
პიტის ფილმის სავარაუდო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Puck-მა გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით, კინოსურათის გადაღება $300 მილიონი ჯდება, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ ათ ფილმს შორის აქცევს. ბრედ პიტისთვის კი, ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარიც გახდება. იმისთვის, რომ ფილმი „წარუმატებელი“ არ აღმოჩნდეს, სულ მცირე $600 მილიონის გამომუშავება მოუწევს.