წითელზე გავლის შემთხვევები სახიფათოდ იზრდება
ალბათ ძალიან ცოტა მძღოლს თუ „სიამოვნებს“ ყვითელზე მანქანის შენელება. ძირითად შემთხვევაში, ისინი აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერითა და სიჩქარის მომატებით ცდილობენ წითელი ფერის ანთებამდე შუქნიშანი გადაკვეთონ. თუმცა, კანონდარღვევის შემთხვევათა ის რაოდენობა, რომელიც პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქში დაფიქსირდა, მართლაც საგანგაშოა.
მხოლოდ ერთ თვეში, კამერებმა ქალაქში წითელზე გავლის 5,200 შემთხვევა აღრიცხა. პოლიციის განცხადებით, შოკისმომგვრელი რაოდენობა გზაჯვარედინზე დამონტაჟებულმა ორმა კამერამ დააფიქსირა. არანაკლებ საინტერესო კი ის ფაქტია, რომ კანონსაწინააღმდეგო შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ მცირედით ჩამორჩება გზაჯვარედინთან, ფილადელფიის გარეთ მდებარე დაბის მოსახლეობას, რომელიც 6,200-მდე ადამიანს აერთიანებს.
მათივე განცხადებით, ამ ტერიტორიაზე კამერების დაყენება სწორედ ავარიების მაღალი სიხშირის გამო გადაწყვიტეს. 6ABC-ის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გზაჯვარედინებზე სულ 143 ავარია მოხდა, რაც ყოველთვიურად ერთზე მეტი ავარიის ეკვივალენტურია.
ამ ეტაპისთვის, გზაჯვარედინზე დაფიქსირებული კანონდამრღვევები საჯარიმო ქვითარს არ მიიღებენ, პოლიციელები მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლებიან. თუმცა, „გამოსაცდელი პერიოდი“ პირველ ივნისს დაიწყება და მხოლოდ 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შემდეგ ყველა მძღოლი რომელიც წითელზე გაივლის $100-ით დაჯარიმდება. ჯარიმებიდან შემოსული თანხით კი, პირდაპირ, კამერების დამატებისა და გამართვის საკითხები დაფინანსდება.
შესაძლოა, წითელზე გავლა ბევრისთვის ნაკლებად მძიმე კანონდარღვევად ჩაითვალოს, თუმცა, ბოლო მონაცემებიც აჩვენებს, რომ ავარიების რაოდენობა იზრდება, რაც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ამ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეებისთვის ქმნის. მხოლოდ გასულ წელს, აშშ-ში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფეხით მოსიარულეებისთვის საფრთხის რისკი კიდევ უფრო მაღალია გზაჯვარედინებზე.