Ducati Monster Senna: მოტოციკლი, რომელიც ლეგენდარულ პილოტს ეძღვნება
სპეციალური გამოშვების Monster-ი აირტონ სენას ეძღვნება და მისი ჩაფხუტის დიზაინითაა ინსპირირებული.
მართალია აირტონ სენა 30 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ავტოსპორტში კვლავ უკვდავია და ლეგენდაც ზრდას განაგრძობს. ამჟამად, ბრაზილიელი პილოტი მოტოციკლების მწარმოებელმა კომპანია Ducati-მ გაიხსენა და მის სახელს, სპეციალური გამოშვების Monster-ი მიუძღვნა.
პირველივე შეხედვისას, ყურადღებას ახალი მოტოციკლის კორპუსი იქცევს, რომელიც სენას ჩაფხუტის დიზაინისგან მიღებული ინსპირაციითაა შექმნილი. ამის გამო, მოდელი ბრაზილიის დროშის - მწვანე, ყვითელი და ლურჯი - ფერებშია გადაწყვეტილი. განახლებები აქ არ მთავრდება. Monster-ი კარბონის მაყუჩებით, ალუმინის ნაჭედი დისკოთი და ალუმინის ფეხის საყრდენებითაა აღჭურვილი. ამ ყველაფერს კი ლურჯი სავარძელი, უნიკალური სანომრე დაფა და 4.3-იანი დისპლეი ემატება.
გარდა ამისა, ახალ მოტოციკლში ლითიუმ-იონურ ბატარეასა და კარბონის სატალახე ფრთასაც ვხვდებით. განახლებების წყალობით, Senna, სტანდარტულ მოდელთან შედარებთ, 4.5 კილოგრამით ნაკლებს იწონის.
სპეციალური გამოშვების Monster-ი ნაცნობი Testastretta-ს ორცილინდრიან ძრავაზე მუშაობს, რომელიც 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოტოციკლს ასევე აქვს Öhlins-ის დაკიდების სისტემა და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა, ყვითელი სუპორტით.
წარმოება შეზღუდულია. Ducati მხოლოდ 341 ერთეულის გამოშვებას გეგმავს. ეს რიცხვი პატივს სენას 3 მსოფლიო ჩემპიონობას და რბოლებში, 41-ჯერ მოპოვებულ პირველ ადგილს მიაგებს. Senna-ს მოტოციკლის ფასი $25 ათასიდან იწყება. მყიდველები დამატებით ავთენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მოტოციკლის საფარს მიიღებენ.
Ducati-ის და სენას საერთო ისტორიაც აქვთ. კომპანიის იმდროინდელმა მფლობელმა კლაუდიო კასტილიონიმ, მრბოლებს 851 SP-ი 1990 წელს უსახსოვრა. სენა ერთ-ერთი პირველიც იყო, რომელიც Monster 900-ს მფლობდა. სენასა და მოტომწარმოებლის კოლაბორაციით შეიქმნა Ducati 916 Senna. ნაცრისფერი, შავი და წითელი ექსტერიერის მქონე მოტოციკლი პილოტის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა.