BMW, M5, E31, E39, Manhart, 8 Series
Aa
Aa

Manhart-მა ძველი „მერვე სერია“ E39 M5-ის V8-ით აღჭურვა

ულამაზეს ავტოკლასიკას V12 უფრო მძლავრი V8 ძრავით ჩაუნაცვლეს და 20-იანი დისკები მიუყენეს.

E31 თაობის BMW 8 Series-ი ისტორიაში 90-იანების ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ კუპედ არის შესული. გერმანულმა „ტუნინ“ ატელიემ, Manhart-მა, ამ მოდელის ხუთი ეგზემპლარის „კაცურად" მოდიფიცირება განიზრახა. რას ნიშნავს „კაცური" მოდიფიცირება? თითოეულ მათგანს ახლა კაპოტქვეშ BMW M-ის ძრავა აქვს.

ამ პროექტის მთავარი დეტალი 5-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი S62 ძრავაა, რომელიც არანაკლებ ლეგენდარული E39 M5-ისთვის შეიქმნა. კომპანიის თქმით, მათ ამ ძრავებს მოდიფიცირება ჩაუტარეს, რის შემდეგადაც სიმძლავრე 414 ცხენის ძალამდე აიყვანეს. 414-ვე ცხენი უკანა ხიდზე 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდება.




მიუხედავად იმისა, რომ ამ აგრეგატს მერვე სერიის ავთენტურ ძრავაზე 4 ცილინდრით ნაკლები აქვს, ის 118 ცხენის ძალით უფრო მეტს გამოიმუშავებს. მეტიც, ის ფლაგმანურ 850 CSi-ზე მძლავრიცაა. მართვის უკეთესი გამოცდილებისთვის, მოდიფიცირებულია გამშვები სისტემაც. მისი წყალობით ამ აგრეგატის დაბალი სიხშირეების გრუხუნი საოცრად ისმის.

იმისათვის, რომ მძლავრი ძრავით ავტომობილის ბალანსი არ დარღვეულიყო, Manhart-მა E31-ის ძარაც გააუმჯობესა, დააყენა H&R-ის დაბალი ზამბარები, Bilstein B6 ამორტიზატორები და მძლავრი მუხრუჭები. შეიცვალა დისკებიც, რომლის დიამეტრიც 20 დუიმამდე გაიზარდა. ასე თაღები იდეალურად ივსება.





ვიზუალური კუთხით, „მანჰარტის“ მერვე სერიაში 850 CSi-დან გადმოტანილია გვერდითა ქვედაბოლო, სპოილერი და სარკეები. ხუთივე ავტომობილი ახლიდან არის შეღებილი. ინტერიერი კი სრულად რესტავრირებულია. იქ ბევრი ტყავი და ალკანტარა დაგხვდებათ. ასევე, მთლიანად განახლებულია სავალი ნაწილები.

ამ მერვე სერიას კომპანიამ MH8 5.0 V8 Limited-ი დაარქვა. სურათზე 5-დან პირველ გამოშვებულ მოდელს ხედავთ. თუ ამ ავტომობილით მოიხიბლეთ და მისი შეძენის სურვილი გაგიჩნდათ გეტყვით, რომ მის სანაცვლოდ 162 000$ უნდა დათმოთ. 

მსგავსი სიახლეები