იაპონური Mazda RX-7-ის ტეხასური ტრანსფორმაცია
Mazda RX-7-ის საკმაოდ ბევრი გადაკეთებული ვერსია არსებობს, თუმცა, ეს მოდელი ყველა სხვა ვარიანტისგან რადიკალურად განსხვავებულია. RX-7-ისთვის სიმძლავრის გაუმჯობესებაც არ გვიკვირს, რისთვისაც ტეხასელმა მფლობელმა ჩვეულებრივი როტორული ძრავა Chevy Camaro-ს V8-ით ჩაანაცვლა.
ეს ყველაფერი, დამატებით ექსტერიერის განახლებებთან ერთად, ამ კონკრეტული Mazda RX-7-ის უნიკალურობას სრულყოფილად წარმოაჩენს. ეს მხოლოდ მორიგი შეცვლილი ვერსია არაა, პირიქით, საქმე სრულ ტრანსფორმაციასთან გვაქვს.
გამორჩეული RX-7 ბრენდონ ბერის ეკუთვნის, დასავლეთ ტეხასის მცხოვრებს. თავადაც აღიარებს, რომ მისი „ცხოვრების მთავარი გატაცება“ სწორედ მაქსიმალური სიჩქარეების მიღწევაა. ამ შემართებით დაიწყო ბრენდონმა ახალი პროექტიც და თავისი მანქანის სიჩქარის მაქსიმალური ოპტიმიზაცია დაისახა მიზნად.
ექსტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ავტომობილის „დახურული“ ბორბლებია. მსგავსი დიზაინი მანქანას რეკორდულად მაღალი სიჩქარის მქონე ავტომობილის იერს აძლევს. გაფართოებულია როგორც წინა, ასევე უკანა ფარები, ხოლო ბორბლების დაფარვა მანქანის აეროდინამიკას აუმჯობესებს.
იაპონურ სპორტულ მანქანას Lamborghini Murcielago-ს ბამპერი აქვს. თუმცა, სავენტილაციო დახურულია, რაც წევის ძალასაც ამცირებს. მოდიფიცირებულ ავტომობილში ასევე ვხვდებით ახალ გვერდით სარკეებსა და უკანა სპოილერს, რომელიც მანქანის უკანა ნაწილს ბევრად უფრო გრძელს აჩენს.
მფლობელის თქმით, პროექტი 1987 წლის Mazda RX-7 (FC) შასით დაიწყო. ქარხნული 1.3-ლიტრიანი 2-როტორიანი 13B ძრავა, ბევრად უფრო დიდი მოცულობის, 5.7-ლიტრიანი LS1 V8-ით ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი 2001 წლის Chevrolet Camaro-ს ეკუთვნოდა.
განახლებული ცილინდრთა ბლოკის თავებითა და მანაწილებელი ლილვით, მანქანის სიმძლავრე დაახლოებით 400 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ეს კი მნიშვნელოვანი მიღწევაა აშშ-ში წარმოებული ქარხნული, როტორული ძრავის მქონე RX-7-ისთვის, რომელიც 146 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
მფლობელს ამ ეტაპისთვის მოდიფიცირებული ავტომობილი რეალურ ცხოვრებაში არ გამოუცდია. თუმცა, განახლებებით, დიდი იმედი აქვს, რომ მანქანა ნებისმიერი ქარხნული RX-7-ის დამარცხებას მოახერხებს.