McLaren-ს მონაკოში სენას გაფორმების მანქანა ეყოლება
„ფორმულა 1“-ის ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, აირტონ სენას გარდაცვალებიდან, პირველ მაისს, ზუსტად 30 წელი გავიდა. სენა 1994 წლის სან-მარინოს გრანპრიზე, ავარიის შედეგად დაიღუპა. თუმცა, „ფორმულა 1“-ის ისტორიაში მისი სახელი ლეგენდად დარჩა და პილოტები თუ გუნდები, ყოველ წელს, მას პატივს მიაგებენ.
ამჯერად თავი McLaren-ის გუნდმა გამოიჩინა. მიმდინარე კვირის მონაკოს გრან-პრიზე გუნდს ახალი გაფორმების მანქანა ეყოლება - სწორედ სენას პატივსაცემად. მანქანა ბრაზილიის დროშის ფერებში - მწვანე, ყვითელი და ლურჯი - იქნება წარმოდგენილი, მის ერთ მხარეს კი სრულად პილოტის სახე იქნება გამოსახული. ცნობისთვის, მონაკოს გრან-პრი ბრაზილიელ პილოტს ექვსჯერ აქვს მოგებული, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.
სენას პორტრეტთან ერთად, McLaren-ის მანქანაზე რამდენიმე სიმბოლური ნიშანიცაა დატანილი. მათ შორისაა უკანა ფრთაზე წარწერა - „Senna“ და ლოგო - „S“. სენას სახე მძღოლის მხარესაა გამოსახული, პორტრეტზე პილოტი მაღლა იყურება. ხოლო მგზავრის მხარეს სენა უკვე ჩაფხუტითაა წარმოდგენილი.
McLaren-ის ეს მანქანა სატესტო გამოშვებაა, რომელიც ამ დრომდე, კოლექციაში ინახებოდა. ექსტერიერთან თანხვედრაშია მანქანის ინტერიერიც. ყვითელი სავარძლები და კარის შიდა ნაწილზე სენას ციტატა, მისივე ხელმოწერით: „მე არ მყავს კერპები. აღფრთოვანებული ვარ შრომით, თავდადებით და კომპეტენტურობით“.