PureSpeed: Mythos-ის სერიის პირველი Mercedes-ი
Mercedes-AMG-იმ Mythos-ის სერიის პირველი ავტომობილი წარადგინა. SL-ის ბაზაზე აწყობილი როდსტერი სახელწოდებით PureSpeed-ი, „ფორმულა 1“-ის დიზაინის ნაწილებს აერთიანებს, მათ შორის გადაყირავებისგან დამცავ „ჰალო“ სისტემას.
მანქანის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, თუ რატომ გადაწყვიტა გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მოდელის სწორედ მონაკოს გრან-პრიმდე წარდგენა. PureSpeed-ის ზუსტი ფასი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, არსებული ცნობებით, Mercedes-ი მანქანის შეზღუდული რაოდენობით წარმოებას გეგმავს - ჯამში მხოლოდ 250 ერთეული. PureSpeed-ი ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის იქნება.
Mythos-ის დიზაინერთა ჯგუფმა ინსპირაციად 2024 წლის ოთხადგილიანი SL გამოიყენა, რომელიც ორადგილიან „სპიდსტერად" აქცია და საქარე მინის ნაცვლად, მცირე ზომის აერო ეკრანი დაუყენა. მანქანას სპეციალურად მისთვის შექმნილი „აეროდინამიკურად ოპტიმიზებული“ ჩაფხუტიც მოჰყვება.
„ჰალოს“ სახურავის დამცავი მხოლოდ ვიზუალური განახლება არაა: ახალ Mercedes PureSpeed-ს სრულად განსხვავებული, ზვიგენის ფორმის მსგავსი წინა ნაწილი აქვს, არატრადიციული AMG-ი ცხაურით, რაც მის ამოცნობას ტრასაზე ნამდვილად გაამარტივებს. Mercedes-ს იგივე ვიზუალი აქვს გამოყენებული 1970-იანი წლების C-111-ის კონცეფციასა და McLaren SLR Stirling Moss-ში.
რაც შეეხება ინტერიერს, სავარძლის საყრდენები, როგორც ამბობენ, 300 SLR-ის დიზაინიდანაა აღებული. და მიუხედავად იმისა, რომ Benz-ის სარბოლო ავტომობილები ძირითადად თეთრი ფერისაა, ავტომწარმოებელმა ამჯერად გადაწყვიტა იტალიური ბრენდისთვის მიებაძა და PureSpeed-ი სრულად წითელი ვიზუალით წარმოგვიდგინა.
Mythos-ის სერიების გამოშვებით, გერმანული ავტომწარმოებელი ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს, სადაც მისი მთავარი კონკურენტები Ferrari და Aston Martin-ი იქნებიან. ორივე მარკა ქარხნული ძრავების შენარჩუნებით ამაყობს, თუმცა Mercedes-შიც მიაჩნიათ, რომ Mythos-ის სერიაში თავადაც შეძლეს იმავეს გაკეთება. დეტალები ცნობილი არაა, თუმცა, დიდი ალბათობით, Mythos-ის მოდელებში SL63-ის V8-ძრავა ექნება, რომელიც 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.