უცნაური Z4, რომელიც BMW 507-ის მიხედვითაა აწყობილი
ახალი Z4-ის ბაზაზე შექმნილი მოდელი 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ცნობილი ადამიანები, რომელთა შორის ელვის პრესლიც იყო, BMW 507-ს საკულტო ავტომობილად გადაქცევაში დაეხმარნენ. ახლა კი, 65 წლის შემდეგ, მანქანის თანამედროვე ვერსია ვიხილეთ, რომელიც ახალი G29 BMW Z4-ის ბაზაზეა შექმნილი.
ლეგენდარული მოდელის სრულად ახალი ვერსია Estella-Fahrzeugtechnik-მა წარმოგვიდგინა. კომპანია ცნობილი სუპერქარების განსხვავებულ და მათი ხედვით, „ბევრად გამორჩეულ და ინდივიდუალურ“ ვერსიებს ქმნის. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევენ, თუმცა, ამ საკითხზე დავა ნამდვილად შესაძლებელია.
ახალი Z4-ის ბაზაზე შექმნილ Roadster Tender 5.7-ის კორპუსი სრულად კარბონისაა. მოდელის ექსტერიერი ორიგინალ 507-ს დიდად არ ჰგავს - ულვაშის ფორმის მსგავსი ცხაურა და გამოწეული, მრავალი ფორმის მაშუქები აქვს. თუმცა, ვინტაჟური დიზაინით მანქანა ძველ BMW-ს არ ჩამოუვარდება. მანქანას Alpina-ს 20-იანი დისკები უყენია.
ახალ მოდელში სრულადაა შეცვლილი ინტერიერიც. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, იგრძნობა BMW-ის შტრიხები. მანქანის მონაცემთა პანელი და ყველასთვის ნაცნობი ცენტრალური კონსოლი კი, ტყავშია ჩაფლული.
Roadster Tender 5.7-ის კაპოტის ქვეშ BMW-ის B58 ძრავა დაგხვდებათ. ეს არის 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, რომელიც ჩვეულებრივ 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონ მეტრია. თუმცა, 5.7-ის განახლებებით, რომელთა შორისაა უფრო დიდი ზომის ტურბო და გამონაბოლქვის გაშვების სისტემა, ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალას აღწევს. მაბრუნი მომენტი კი 650 ნმ-მდე იზრდება.
Estella-Fahrzeugtechnik-ი მანქანის მხოლოდ 15 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. თითოეულ მათგანს ფერების უნიკალური კომბინაცია ექნება. არსებული ცნობებით, მოდელის ფასი $312 ათასიდან დაიწყება.