Mazda, Subaru, Toyota, ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, ბატარეა
Aa
Aa

ავტომწარმოებლები ახალი შიგაწვის ძრავების შესაქმნელად გაერთიანდნენ

ბოლო პერიოდში, ავტომწარმოებლები აქტიურად განიხილავენ სამომავლო გეგმებს, რომლებიც ძირითადად ელექტრომობილების წარმოებას უკავშირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, Toyota, Mazda და Subaru წარსულის დავიწყებას ჯერ არ აპირებენ და ამჯერად, შიგაწვის ახალი ძრავების შესაქმნელად გაერთიანდნენ.

ერთობლივი კონფერენცია იაპონიაში გაიმართა, სადაც ავტომწარმოებლებმა სწორედ შიგაწვის ძრავის განვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ხარჯების შემცირების გზებიც განიხილეს. საერთო ძრავის კონცეფციის შემუშავების ნაცვლად, თითოეული ავტომწარმოებელი განსხვავებული ძრავის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

მაგალითად, Toyota 4-ცილინდრიანი ერთრდიგა ძრავის შექმნაზე იმუშავებს, ხოლო Subaru-ს გეგმებში ოპოზიტური ძრავის განვითარება შედის. ახალი ძრავები ნახშირბადნეიტრალური საწვავის ნაწილზეც იმუშავებს, მათ შორის: თხევად წყალბადზე, ბიოსაწვავსა და სინთეტიკურ საწვავზე.

განცხადებასთან ერთად, კონფერენციაზე ავტომწარმოებლებმა მომავლის ძრავების რამდენიმე ნიმუშიც წარადგინეს. Mazda-ს შემთხვევაში ეს იყო ერთ და ორროტორიანი ძრავები, რომლებიც ელექტრომობილებში ერთგვარი გენერატორია ბატარეებისთვის. მსგავს კონცეფციას ვხვდებით MX-30-სა და Iconic SP-ის სპორტულ მანქანებში.

Toyota-მ ის 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა წარადგინა, რომელზედაც კომპანია ამჟამად მუშაობს. Toyota ძრავის ორ, 1.5-ლიტრიანსა და 2-ლიტრიან ვერსიებს განავითარებს. ამ ეტაპზე, Toyota-ს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ორივე ძრავას მაღალი გამომუშავება და თერმული ეფექტიანობა ექნება.

რაც შეეხება Subaru-ს, მან მომავალი თაობის ჰიბრიდული სისტემა წარმოგვიდგინა და ის Crosstrek-ის პროტოტიპშიც მოათავსა. მესამე თაობის მოდელს ჰიბრიდული ვერსია არ აქვს, თუმცა ელექტრიფიცირებულ კროსოვერებს ბაზრებზე უკვე შევხვდებით. ამ მანქანებს 2-ლიტრიანი „ბოქსერის“ ძრავა, 12.3 კილოვატიანი ელექტროძრავა და პატარა ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს.

ამ სამ კომპანიას კიდევ ერთი საერთო მიზანი აერთიანებს. ავტომწარმოებლებს სურთ, მომდევნო თაობის შიგაწვის ძრავებში გააერთიანონ, როგორც ტრადიციული ძრავის, ასევე ელექტროძრავის და ბატარეების ნაწილები. ამ გზით, ავტომობილების მწარმოებლები შიგაწვის ძრავისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები