რა შესაძლებლობები აქვს BMW-ის ახალ „პირველ სერიას“?
მიმდინარე წელს, ევროპის ბაზარზე, რამდენიმე ახალ ავტომობილს ვიხილავთ. Audi S3 Sportback-ისა და Mercedes-AMG A45-ის გარდა, ძალიან მალე ხელმისაწვდომი BMW-ის ახალი პირველი სერიაც იქნება, თუმცა მხოლოდ ევროპის რეგიონისთვის, და არა ამერიკისთვის.
ახალ M135i-ში ექსტერიერის მინიმალური ცვლილებებით მარტივია იმის თქმა, რომ მოდელი სწორედ BMW-ს „პირველ სერიას“ განეკუთვნება. პირველი გარეგნული ცვლილება, რომელიც თვალშისაცემია მანქანის ბევრად მკვეთრი ფარები და X2-ის დიზაინის უკანა გაბარიტული ფარებია. ახალ მოდელს X1 M35i-ისა და X2 M35i-ის ოთხკუთხედი ფორმის გამონაბოლქვი სისტემაც აქვს და სხვა მახასიათებლებითაც - მათ შორის მანქანის „თირკმელისებრი“ ცხაურით - გერმანული მარკის დიზაინის უახლესი ტენდენციების ნაკრებია.
თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ახალ M135-ში მისი M1 ემბლემაა. მანქანის უკანა ნაწილზე ემბლემის სიმბოლოზე მხოლოდ M135 წერია, წინამორბედებისგან განსხვავებით - „i“-ის აღნიშვნის გარეშე. საინტერესოა ისიც, რომ ახალ ემბლემაზე „M“ და „1“ აღნიშვნა იმავე ზომაშია, თუმცა „3“-იანისა და „5“-იანის ზომა შედარებით დაპატარავებულია.
ამ თითქოსდა მინიმალური ცვლილებებით, ბევრ არამოყვარულს შესაძლოა ახალი M135, ლეგენდარულ M1 მოდელებში აერიოს და მისი შესაძლებლობების შესახებაც რეალობას მოკლებული წარმოდგენები შეექნას. „i“-ის ჩამოშორება კი იმაზეც მიუთითებს, რომ BMW ბენზინის ძრავებს მომდევნო თაობებში საბოლოოდ გამოემშვიდობება.
და რეალურად რა შესაძლებლობები აქვს BMW-ის ახალ „პირველ სერიას“? ამ შემთხვევაში არც „3“-იანისა და „5“-იანის სიმბოლოებმა უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან მოდელს 3.5-ლიტრიანი ძრავა ნამდვილად არ აქვს. კაპოტის ქვეშ მხოლოდ 2-ლიტრიანი ტურბო ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 312 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა ევროკავშირის მოქალაქეებს, რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ 296 ცხენის ძალით მოუწევთ დაკმაყოფილდნენ.
ახალ M135-ის 17 და 19-დუიმიანი ბორბლები მოჰყვება. მაბრუნი მომენტი 400 ნიუტონ/მეტრია, რაც საკმარისია 4.9 წამში 100 კილომეტრ/საათამდე განსავითარებლად. ბენზინზე მომუშავე ალტერნატივებს კი, 3-ცილინდრიანი, 1.5-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა აქვთ, ხოლო დიზელის ვარიანტები 2-ლიტრიან ტურბო ძრავას წარმოგვიდგენს.
რაც შეეხება ინტერიერს, ამ შემთხვევაში მანქანის დიზაინი ძველი მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2025 წლის პირველ სერიას iDrive 9-ის საინფორმაციო გასართობი სისტემა აქვს - დამატებით, ორმაგი ეკრანით. ციფრული ინსტრუმენტების დაფა 10-დუიმიანი, ხოლო სენსორული ეკრანი 10.7-დუიმიანია. როგორც სხვა მოდელების შემთხვევაში, ამ მანქანაშიც ტრადიციული ღილაკები აღარ გვხვდება. ხარჯების შემცირების მიზნით, ამოღებულია iDrive-ის ტრადიციული მბრუნავი ღილაკიც.
ახალი „პირველი სერიის“ წარმოება გერმანიაში, კერძოდ კი ლაიფციგში მდებარე ქარხანაში დაიწყება. ევროპის ბაზრისთვის მოდელი ხელმისაწვდომი ოქტომბრიდან იქნება, ფასი კი ამ ეტაპისთვის უცნობია.