Ford, Tesla, Cybertruck, Ford F-150, Ford F-150 Lightning Pro
Aa
Aa

Cybertruck-ი პოლიციის ეკიპაჟს შეუერთდა

Tesla-ს „ტანკი“ ახლა უკვე სრულად თქვენს სამსახურშია. მთავარია შუა გზაში არ გაფუჭდეს.

თუ ცნობილი მოდელების საპატრულო ვერსიები მოგწონთ, თუმცა დიდად Ford F-150 Lightning Pro-ს სპეციალური დანიშნულების მანქანით არ აღფრთოვანდით, ამჯერად, შეგიძლიათ შანსი Tesla-ს „ტანკს“ მისცეთ. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში UP.FIT-ის უახლესი საპატრული მანქანა გამოჩნდა, რომელიც სწორედ მასკის Cybertruck-ის ბაზაზეა შექმნილი.

მოყვარულების ღამის კოშმარისთვის შესაფერისი მანქანა განათებებით, სირენებითა და PA-სისტემით, ასევე პოლიციის გადამცემი სისტემითა და კომპიუტერებით აღიჭურვება. დამატებით Tesla-ს მანქანას შესაძლოა პატიმრებისთვის განკუთვნილი ადგილი და იარაღების შესანახიც კი ჰქონდეს. ელექტროპიკაპის გამოყენება „ტაქტიკური, სამხედრო და სამძებრო-სამაშველო მისიებისთვისაც იგეგმება.

საპატრულო ეკიპაჟის სრულყოფილ წევრად გადასაქცევად კი, Tesla-ს პიკაპს შეიძლება მცირედით შესაძლებლობების გაძლიერებაც დასჭირდეს. ყოველი შემთხვევისთვის, უფრო ძლიერი დამუხრუჭების სისტემა, ასევე ახალი საბურავები და ბორბლებიც ურიგო არ იქნებოდა. „ოფ-როუდ“ ფუნქციის გასაძლიერებლად, Starlink-ის, მასკის სატელიტური ინტერნეტის გამოყენებაც განიხილება.

ვებგვერდზე UP.FIT-ის საპატრულო, ადმინისტრაციული დანიშნულებისა და ტაქტიკურ ვერსიებს ვხვდებით. სამივე მათგანი, სრული დამუხტვით, 547 კილომეტრს გადის, 2.6 წამში კი 0-დან 100 კმ/სთ-ს ავითარებს.

Cybertruck-ის საპატრულო ვერსია სირენებით, განათებებითა და 18-იანი ბორბლებით იქნება აღჭურვილი. მოდელს ასევე ექნება პროჟექტორი და ახალი ცენტრალური კონსოლი. UP.FIT-ის მიწოდება სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიწყება. კომპანიის მტკიცებით, „მოდელმა მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სააგენტოების ინტერესი უკვე დაიმსახურა“.

Unplugged Performance-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, UP.FIT Cybertruck Next-Gen Patrol-ი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საინჟინრო ინდუსტრიაში: „მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი მოდელები სამართალდამცავ ორგანოებს შევთავაზოთ. მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა UP.FIT-ი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის ეკიპაჟს შეუერთდება“.

 

მსგავსი სიახლეები