Aa Aa
17 ივნისი 2024  |  14:29

სიგიჟე - ეს Mercedes W124 E300 $100,000-ზე მეტად გაიყიდა

დიზელის ძრავაზე მომუშავე W124 E300 იშვიათობა ნამდვილად არაა, თუმცა, შტატებში ის $100,000-ზე მეტი ღირს.

Mercedes-Benz-ის W124 თაობის E-Class-ის მოდელები გერმანული მარკის ისტორიაში უდავოდ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მანქანები საინჟინრო ტექნიკის შედევრებია, მათი დიზაინი კი მოდიდან არასდროს გადავა. კომფორტთან ერთად, W124 მძღოლებს მართვის საუკეთესო გამოცდილებასა და გზებზე სტაბილურობას უზრუნველყოფს. ყველაფერს რომ თავის დავანებოთ W124 ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო Merc-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

W124-ის შესაყვარებლად ბევრი მიზეზი არსებობს, მისი ყიდვაც Mercedes-ის ბევრ ერთგულ მომხმარებელს ენდომება თუმცა ის ფასი, რა ფასადაც ავტომობილი შეერთებულ შტატებში გაიყიდა, მაინც ცოტა არ იყოს და „ძვირია“...

მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში საქმე ძალიან დაბალი გარბენის მქონე, დიზელის ძრავაზე მომუშავე W124-თან გვაქვს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები $100,000 ღირს.

1995 წლის  Mercedes-Benz E300 Diesel-ი, ახლახან, Bring A Trailer-ის აუქციონზე $101,000-ად გაიყიდა. მანქანას სულ რაღაც 13,518 კილომეტრი აქვს დაფარული, რაც ნებისმიერი W124-ისთვის საკმაოდ დაბალი გარბენია, დიზელის ძრავაზე მომუშავე მოდელისთვის კი მითუმეტეს.

Mercedes-ის ეს კონკრეტული მოდელი OM606-ის ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი, რის გამოც, W124 მაღალი წარმადობის ავტომობილის სტატუსით არასდროს გამოირჩეოდა. თუმცა, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილი, რის გამოც მძღოლებში პოპულარობას არასდროს კარგავდა.

W124-ს ძირითადად ისეთი ადამიანები ყიდულობდნენ, რომელთაც დიდი მანძილის გავლა, გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე სურდათ. აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, რატომ აქვს ასეთი დაბალი გარბენი ამ კონკრეტულ მოდელს.  

კიდევ უფრო გასაოცარი კი ალბათ ის არის, რომ $101,000-იანი ღირებულებით, ამ W124-მა არსებული რეკორდის მოხსნაც ვერ შეძლო. ეს პატივი 16,000კმ-იანი გარბენის მქონე W124 E300-ს ეკუთვნის, რომელიც 2023 წელს $152,607-ად გაიყიდა.

გაზიარება: