Nissan GT-R-ი ოფიციალურად მკვდარია
17 წლის შემდეგ, Nissan-ი თავისი საკულტო მოდელის, R35 GT-R-ის წარმოებას წყვეტს. ორი სპეციალური გამოშვების მოდელი, Skyline და Takumi Edition-ი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოჩნდება, ლეგენდარულ ავტომობილს პატივს მიაგებს, შემდეგ კი სამუდამოდ გაქრება.
არსებული ინფორმაციით, GT-R-ის მოდელების წარმოება ჩრდილოეთ ამერიკაში შეჩერდება, თუმცა უცნობია, ვიხილავთ თუ არა ავტომობილებს ოქტომბრიდან სხვა ბაზრებზე. ასეც რომ მოხდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანები წარმოებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
ძველი მოდელების მსგავსად, სპეციალური გამოშვების ორივე ავტომობილი ამ შემთხვევაშიც 3.8-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის V-6 ძრავითაა აღჭურვილი. აქვეა მანქანის სრულად ამძრავი სისტემა და 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფიც. ამ შეზღუდული გამოშვების მოდელებზე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანები 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Skyline Edition-ი „Premium“-მოდელის ბაზაზე შეიქმნა. Bayside Blue-ის ფერში გადაწყვეტილი მანქანის ღირებულება $132,985-ია. რაც შეეხება Takumi Edition-ს, ის 2024 წლის GT-R T-Spec-ის ოდნავ შეცვლილი ვერსიაა, Midnight Purple-ის ფერშია წარმოდგენილი და სპორტული, კარბონის მუხრუჭებითაა აღჭურვილი. ამ მანქანის ფასი $152,985 იქნება.
Nissan GT-R-ი პირველად ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. განსხვავებული დიზაინის მქონე მაღალი წარმადობის ავტომობილმა ავტოსამყარო სრულად შეცვალა. ავტომწარმოებლებმა მის დასამარცხებლად ახალი კონცეფციის მანქანებზე დაიწყეს მუშაობა, თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, ახლა უკვე თავად Nissan-მა ვერ მოახერხა პირველობის შენარჩუნება. მართლაც, ბოლო 17 წელიწადში, GT-R-სგან მხოლოდ განმეორებითი განახლებები და ორი ფეისლიფტი მივიღეთ.
Nissan-ის გუნდმა პრესრელიზში R35 GT-R-ის „ლეგენდარულობაზე“ გაამახვილა ყურადღება და იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც მოდელი ავტოინდუსტრიაში დატოვებს. თუმცა, სამომავლო გეგმებსა და ინოვაციურ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორისაა ელექტრო GT-R კონცეფცია, Hyper Force, რომელსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ათწლეულის ბოლომდე მაინც ვიხილავთ.